რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში კაცს, რომლის შვილმაც ომის საწინააღმდეგო სურათი დახატა, ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის მოქალაქე მამაკაცს, ალექსეი მოსკალიოვს, რომლის შვილმაც სკოლაში ომის საწინააღმდეგო სურათი დახატა, სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსკალიოვს ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების დისკრედიტაცია. მიზეზი მის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტებია, რომლებშიც ის უკრაინაში შეჭრას აკრიტიკებს.

გასულ წელს, აპრილის თვეში ალექსეი მოსკალიოვის 12 წლის ქალიშვილმა, მაშამ ხელოვნების გაკვეთილზე სურათი დახატა, რომელშიც აღწერილი იყო, როგორ ბომბავენ რუსული რაკეტები უკრაინულ ოჯახს. ნახატს ჰქონდა წარწერა - "არა ომს, დიდება უკრაინას". სკოლამ აღნიშნული პოლიციას შეატყობინა.

30 დეკემბერს რუსეთის არმიის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მისი კომენტარების საფუძველზე პოლიციამ მოსკალიოვის სახლი გაჩხრიკა.

28 მარტს მოსკალიოვი საკუთარ სასამართლო მოსმენაზე არ გამოცხადდა. მან დაარღვია შიდა პატიმრობის პირობები, რაც მას თვის დასაწყისში მიესაჯა და სასამართლოს წინა ღამით სახლიდან გაიპარა. სასამართლოს პრესსპიკერის ცნობით, სასამართლომ გადაწყვეტილება მსჯავრდადებულის არყოფნაში მიიღო. მოსკალიოვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები