Amnesty International-ის ანგარიში

მოსმენები, პოლიტიკური დევნა, უსამართლო სასამართლო – Amnesty International-ის ანგარიში

Amnesty International ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს 156 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს მიმოიხილავს. Amnesty International - ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2022-23 წლებში გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა გაგრძელდა. ახალმა კანონებმა მთავრობის მეთვალყურეობის უფლებამოსილებები გაზარდა და სასამართლოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეარყია. ამასთან, ქვეყანაში ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის კვლავ მაღალი დონეა. 

გამოხატვის თავისუფლება

როგორც ანგარიშში წერია, ხელისუფლების მხრიდან მზარდი აგრესიული რიტორიკა და ცილისწამების საჩივრები კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ, ისევე როგორც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიება, გამოხატვის თავისუფლებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

"2022 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვს ადამიანს მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 2021 წლის ივლისში თბილისის პრაიდის მსვლელობისას ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმისთვის, რასაც ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ემსხვერპლა. თუმცა, ძალადობრივი ბრბოს სავარაუდო ორგანიზატორები არ დასჯილან." - წერია ანგარიშში

კონფიდენციალურობის უფლება

Amnesty International-ის მიხედვით, 2022 წლის 6 სექტემბერს პარლამენტმა გადალახა პრეზიდენტის ვეტო და მიიღო საკამათო შესწორებები, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებს ფარული თვალთვალის განხორციელების უფლებამოსილების გაზრდის უფლებას აძლევდა. ახალმა კანონმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლები და ხანგრძლივობა გააფართოვა. შესწორებებმა პირის თვალთვალი განუსაზღვრელი ვადით შესაძლებელი გახადა. ანგარიშში წერია, რომ ფარული თვალთვალი გრძელდებოდა ოპოზიციის წევრების, კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. 

"2022 წლის ივლისში, სამთავრობო მედიამ გამოაქვეყნა ფარულად მოპოვებული აუდიოჩანაწერი, სადაც ტელეკომპანია მთავარის თანამშრომლები სარედაქციო საკითხებს განიხილავდნენ. სექტემბერში დამატებით მასალამ გაჟონა, სადაც დეტალურადაა აღწერილი მათი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. ამ ფაქტმა აჩვენა, რომ ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, სავარაუდოდ, უშიშროების სამსახური უთვალთვალებდა." - წერია ანგარიშში.

უსამართლო სასამართლო პროცესები

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ხელისუფლების მზარდი გავლენა სასამართლო სისტემაზე, შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენება და პოლიტიკური ოპონენტების და კრიტიკული მედიის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა კვლავაც საგანგაშო პრობლემად რჩება.

"იანვარში, ოპოზიციური პარტიის, ლელოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელ ავთანდილ წერეთელთან ერთად, პოლიტიკურად მოტივირებული თაღლითობის ბრალდებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ხანდაზმულობის ვადით გათავისუფლების უფლება მიეცათ. ბადრი ჯაფარიძეს ნასამართლობის გამო საპარლამენტო მანდატი ჩამოერთვა." - წერია Amnesty International-ის ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებიც განხილულია.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის გაუარესების პარალელურად გაგრძელდა. მიუხედავად სამედიცინო მოხსენებებისა, რომლებიც მიუთითებდნენ შესაძლო "მძიმე ლითონებით მოწამვლაზე" და "სიკვდილის საგრძნობად გაზრდილ რისკზე", თბილისის სასამართლომ სამედიცინო ნიშნით სასჯელი არ გადაავადა. მარტში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრები განიხილა. მაისში ტელეკომპანია მთავარის დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილების გადამეტების უსაფუძვლო ბრალდებით 42 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.” - წერია ანგარიშში.

ქალებისა და გოგონების უფლებები

2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე მედიაში დაფიქსირდა ქალის მკვლელობის 14 და მკვლელობის მცდელობის 23 შემთხვევა, რამაც გამოიწვია შეშფოთება იმის შესახებ, რომ ფემიციდი და გენდერული ძალადობის სხვა ფორმები ქვეყანაში კვლავ იზრდება. ანგარიშში წერია, რომ ქვეყანაში ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული ეკონომიკური უთანასწორობა საგანგაშოა. 2022 წლის მარტში მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქალების 50% ქვეყანაში ვერ არის შრომისუნარიანი საშინაო საქმეების გამო, მაშინ, როდესაც ამ პრობლემის წინაშე მამაკაცების მხოლოდ 5%-ია. ამასთან, ქვეყანაში ქალების შემოსავალი მამაკაცის შემოსავალაზე 16%-ით ნაკლებია.

კომენტარები