ტარიელ ნაკაიძე

TDI ნაკაიძეზე: მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობა მიზანმიმართულად აქეზებს სიძულვილს

ტარიელ ნაკაიძე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გმობს საქართველოს პარლამენტის წევრ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმას.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლების შეტევა პარლამენტარის წინააღმდეგ მიზანმიმართული და ორკესტრირებულია, რაც ხელს უწყობს ძალადობისა და სიძულვილის წაქეზებას.

"TDI გმობს ხელისუფლების წარმომადგენლების მიზანმიმართულ და ორკესტრირებულ შეტევას საქართველოს პარლამენტის წევრ ტარიელ ნაკაიძეზე. მმართველი პარტიის დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ტარიელ ნაკაიძის მიმართ მიზანმიმართულად აქეზებს სიძულვილსა და ძალადობას; იგი მიმართულია არამხოლოდ ბატონი ტარიელის, არამედ ყველა იმ დისკრიმინირებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელთა უფლებებს ის წლებია პრინციპულად იცავს." - ვკითხულობთ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებაში.

TDI წერს, რომ ტარიელ ნაკაიძე არის ერთ-ერთი ღირსეული პოლიტიკოსი, რომელიც დგას ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ხშირად საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

"ტარიელ ნაკაიძე, წლებია, იცავს და იბრძვის რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის,  რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად. იგი გაბედულად საუბრობს არა მხოლოდ მუსლიმი თემის, არამედ ყველა ჩაგრული ადამიანის და ჯგუფის უფლებების შესახებ. დღესაც ტარიელ ნაკაიძე, დეპუტატის რანგში, ხშირად საუბრობს ქვეყანაში სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფის სახელით, დგას რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მუსლიმები წლების განმავლობაში სისტემურ დისკრიმინაციის წინაშე დგანან და დევნას განიცდიან, მათ ხშირად ეზღუდებათ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება. სახელმწიფო მათ საჭიროებებს არა უფლებათა დაცვის არამედ მოჩვენებითი უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს. სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა იწვევს საზოგადოებრივი ჯგუფების გარიყვას, უნდობლობას, აღრმავებს დისკრიმინაციას და  აზიანებს ტოლერანტული გარემოს. " - ნათქვამია TDI-ს განცხადებაში.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი გმობს ტარიელ ნაკაიძეზე ზეწოლას და განცხადებაში წერს, რომ: ხელისუფლების მიერ უფლებადამცველების, განსხვავებული რელიგიისა თუ უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენლების დისკრედიტაცია და "აგენტებთან" გაიგივება აღვივებს შუღლს, აქეზებს ძალადობას და მიზანმიმართულად აშორებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისგან.


ივანიშვილის დეპუტატმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, სოზარ სუბარმა ტარიელ ნაკაიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგენტი უწოდა. შემდგომში, ივანიშვილის ხალხის ძალის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა, მალევე ამ განცხადებას ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაცია აქვს" და "მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა".

კომენტარები