ტარიელ ნაკაიძე

TDI: ნაკაიძეს ყურბან ბაირამის გამო სხდომის გაცდენა არასაპატიოდ ჩაუთვალეს, მან იჩივლა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა - სარჩელი ეხება ნაკაიძის მიერ ყურბან ბაირამის გამო პლენარული სხდომის გაცდენის არასაპატიოდ ჩათვლას პარლამენტის მხრიდან.

TDI-ს განცხადების მიხედვით, ყურბან ბაირამი მიმდინარე წელს 28 ივნისს აღინიშნა და საქართველოს პარლამენტმა ნაკაიძეს არასაპატიოდ ჩაუთვალა 28 ივნისის პლენარული სხდომის გაცდენა, რის გამოც ასევე, ხელფასის 10% დაუკავა.

"27 ივნისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტარიელ ნაკაიძემ საჯაროდ ისაუბრა საქართველოში უქმე დღეების რეგულირების საკითხზე და აღნიშნა, რომ პრობლემურია, როდესაც ქვეყანაში არცერთი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს არ ეძლევა შესაძლებლობა, მისთვის მნიშვნელოვან რელიგიურ თარიღებზე ისარგებლოს უქმე დღით. მან ასევე აღნიშნა და მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ რადგან მომდევნო დღეს აღინიშნებოდა ისლამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, ყურბან ბაირამი, იგი, საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე, პრაქტიკულად იძულებული იყო, გაეცდინა 28 ივნისის პლენარული სხდომა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზების ჩამონათვალში, არ გვხვდება ადამიანის რელიგიისა და რწმენის თავისუფლებიდან გამომდინარე საკუთარი მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა, რითაც ისარგებლებდა ტარიელ ნაკაიძე და მისი რელიგიისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს უქმედ გაატარებდა. პარლამენტმა არც ტარიელ ნაკაიძის წინასწარი განცხადება გაითვალისწინა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ იძულებული იყო 28 ივნისს დაგეგმილი პლენარული სხდომა გაეცდინა". - წერია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებაში.

TDI ასევე წერს, რომ მომხდარის გამო ტარიელ ნაკაიძე დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან "საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, საქართველოში საყოველთაო უქმე დღეებად გამოცხადებულია 17 დღე, რომელთაგან რელიგიურია 10 დღე და ყველა მათგანი მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებია".

ტარიელ ნაკაიძის სარჩელით ითხოვს პარლამენტის მხრიდან რელიგიისა და რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებასა და ზიანის ანაზღაურებას. 

"ვიმედოვნებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო დააკმაყოფილებს ტარიელ ნაკაიძის სასარჩელო მოთხოვნას, რაც იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილება საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების  და თანასწორობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისათვის უქმე დღეებით სარგებლობის შესაძლებლობის თვალსაზრისით". - წერს TDI.

კომენტარები