რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ილია II ბართლომეოსს უკრაინაში რუსეთის ეკლესიის მხარდამჭერი წერილით მიმართავს 

ილია მეორე

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს უკრაინაში რუსეთის ეკლესიის მხარდამჭერი წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ ჩაერთოს იმ "დაძაბულობის განმუხტვაში", რომელიც უკრაინაში რუსული ეკლესიისთვის კიევ-პეჩორის ლავრის ჩამორთმევის შემდეგ წარმოიქმნა.

"როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის. ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას. დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი – ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას. მართლმადიდებელი სამყარო დღეს არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამ ფონზე ყოველი სასიკეთო ნაბიჯი დიდად ფასეული იქნება". – წერია წერილში.

2022 წლის ბოლოს კიევ-პეჩორის ლავრაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი დაარეგისტრირეს. იმავე პერიოდში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევ-პეჩორის ლავრასა და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაში მყოფ მონასტრებში ჩხრეკა ჩაატარა. მოქმედებები დაკავშირებული იყო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებში რუსული სამყაროს პროპაგანდის გავრცელებასთან.

ზელენსკი რუსული გავლენების ქვეშ მყოფი რელიგიური ჯგუფების საქმიანობის აკრძალვას ითხოვს

2023 წლის მარტში რუსეთის პატრიარქმა კირილმა კიევ-პეჩორის ლავრის დაწესებულებების დახურვის შესაჩერებლად საერთაშორისო დახმარება ითხოვა. კირილი ირწმუნება, რომ კიევ-პეჩორისა და უკრაინაში სხვა რუსული მონასტრების დახურვა "მილიონობით უკრაინელი მორწმუნის უფლებების დარღვევას გამოიწვევს".

კომენტარები