გიგა ბოკერია

ბოკერია: რეჟიმი რომელიც საკუთარი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს, ვერ გარდაიქმნება

ივანიშვილის მიერ თანამდებობებზე დასმული ადამიანებისგან თითქოს არაფერი აღარ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა დღეს ეს კიდევ ერთხელ მოახერხა.

მან, ასე ვთქვათ, ევროპას მიმართა - თუ სტატუსს არ მოგვცემთ ქართველი ხალხი ამას ვერ გაიგებს და მიტოვებულად იგრძნობს თავსო - მისი სიტყვებიდან პრაქტიკულად გამოდის, რომ ხალხი ევროპული მომავლის იდეას ზურგს შეაქცევს.

ანუ ივანიშვილის რეჟიმის გამო თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ზურაბიშვილის აზრით, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მისიაზე - თავისუფალ ერთა ოჯახში დაბრუნებაზე, ნატოს წევრობაზე, ევროკავშირთან დაახლოებაზე, დასავლურ, ევროპულ ცივილიზაციაზე, იმაზე, რასაც ილია ჭავჭავაძე და ვაჟა ფშაველა ქადაგებდნენ, რასაც განასახიერებდა ჩვენი პირველი რესპუბლიკა, რისთვის ბრძოლასაც ამდენმა ქართველმა შესწირა თავი - ანუ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე, უსაფრთხოებასა და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებაზე ვიტყვით უარს.

იქამდე ღარიბაშვილმა ამ სამარცხვინო გზავნილის მეორე ვერსია მოგვაწოდა - თუ გინდათ რომ "პოლარიზაცია" დამთავრდეს, მოგვეცით სტატუსიო. ანუ ივანიშვილის ძალაუფლებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს, ჩვენ პუტინისტური სულისკვეთებით პუტინისტური საქმე უნდა ვაკეთოთ და ისე უნდა მოგვცეთო.

ამ დროს საპარლამენტო ოპოზიცია - ენმ, ლელო, გახარია, სტრატეგია აღმაშენებელი, კვლავ თავს იტყუებს ან ხალხს ატყუებს, რომ ამ რეჟიმის იძულება რომ დემოკრატიული ტრანსფორმაცია მოახდინოს და ქვეყანა ნატოს წევრობისკენ და ევროკავშირისკენ წაიყვანოს - არის შესაძლებელი.

რეჟიმი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს (რაც, პრაქტიკულად ღარიბაშვილმა თქვა დღეს) და, რომელმაც პრეზიდენტად შეარჩია ფიგურა, რომელიც საკუთარ ხალხზე ასეთი შეურაცხმყოფელი წარმოდგენისაა (რაც ზურაბიშვილმა გამოავლინა) ვერ გარდაიქმნება.

როგორც "რუსულ კანონზე" შედგა კონსენსუსი, რომ ის შეუთავსებელი იყო ევროპულ მომავალთან და არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ "აი, მესამე მუხლის ფორმულირება უნდა შეიცვალოს” და ასე შემდეგ - ზუსტად ასე უნდა შედგეს კონსენსუსი, რომ ეს რეჟიმი არ ექვემდებარება რეფორმირებას. ამ რეჟიმით ნატოს წევრი ვერ გავხდებით და ევროკავშირს რეალურად ვერ დავუახლოვდებით, ამერიკასთან სამხედრო ალიანსს ვერ მივაღწევთ - და მეტიც, დასავლეთთან დაპირისპირებით რუსული საფრთხის წინაშე მარტო დავრჩებით ისე, როგორც ეს ოთხმოცდაათიანებში მოხდა, როცა დასუსტებულმა და "დემოკრატი" ელცინის რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში.

წერს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.

კომენტარები