აშშ-ჩინეთი

ჩინეთი: აშშ-ს სამხედრო გემი უკანონოდ შემოვიდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

ჩინეთის სამხედროების ინფორმაციით, აღმოაჩინეს და გააძევეს აშშ-ს გამანადგურებელი, რომელიც უკანონოდ შევიდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, პარასელის კუნძულების მიმდებარე წყლებში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარყო ჩინეთის ბრალდება

ჩინეთის ოფიციალური განცხადების მიხედვით, მთავრობის თანხმობის გარეშე მართვადი რაკეტების გამანადგურებელი Milius უკანონოდ შეიჭრა ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში.

"საომარ მოქმედებათა თეატრის ძალები ყოველთვის შეინარჩუნებენ მზადყოფნას და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების და მშვიდობისა და სტაბილურობის მტკიცედ დასაცავად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში". - თქვა ჩინეთის სამხრეთ სარდლობის სპიკერმა.

ამერიკა ჩინეთის მტკიცებას მცდარს უწოდებს. 

"USS Milius ახორციელებს რუტინულ ოპერაციებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და იგი არ განდევნეს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ფრენას, ცურვას და სამხედრო ოპერირებას იქ, სადაც საერთაშორისო სამართალი იძლევა ამის საშუალებას". - ნათქვამია აშშ-ს საზღვაო ძალების მე-7 ფლოტის განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე, ივლისში ჩინეთი ამტკიცებდა, რომ იმავე ტერიტორიიდან აშშ-ს გამანადგურებელი განდევნა. 

პარასელის კუნძულები არის სადავო არქიპელაგი, რომელიც დაახლოებით 7 კვადრატულ კილომეტრს იკავებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ჩინეთს აქვს დე ფაქტო კონტროლი კუნძულებზე, მაგრამ ტაივანი და ვიეტნამიც აცხადებენ პრეტენზიას.

დაძაბულობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის იზრდება. აშშ ამ რეგიონში მოკავშირეებს სამხედრო დახმარებას უწევს, რათა ჩინეთის ტერიტორიული ზრდის შესაძლებლობა შეამციროს.

კომენტარები