ბიძინა ივანიშვილი

კობახიძე ყიფიანზე: თავად კი არ ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ, ივანიშვილმა ჩახსნა ის

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე კვირაზე მეტია, ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. კობახიძე ამბობს, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა თავად მიიღო.

"რაც შეეხება ვიქტორ ყიფიანს. ამაზე კომენტარები გაკეთდა. უკვე კვირაზე მეტია, ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. იყო გარკვეული, სპეკულაციური მცდელობა, რომ მისი განცხადებები ბიძინა ივანიშვილისთვის დაეკავშირებინათ. კვირაზე მეტია, ის ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის და პირდაპირ პოლიტიკაში შევიდა. გარდა ამისა, ჩვენ კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ის კანონი, რომელიც უნდა მიგვეღო, ვიქტორ ყიფიანზეც გავრცელდებოდა, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. ალბათ, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ის პოლიტიკაში ძალიან სწრაფად ჩაერთო. ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ, ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი. თუმცა, მე ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ალბათ, ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი მხარეები გააკეთებენ კომენტარს". - თქვა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ვიქტორ ყიფიანმა თქვა, რომ უკრაინის თემასთან დაკავშირებით, ის ირაკლი კობახიძისგან უფრო გაწონასწორებული განცხადებების მოსმენას ისურვებდა. ყიფიანის თქმით, ასეთი რთული ურთიერთობების ფონზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე თავის განცხადებებში მეტად ფრთხილი უნდა იყოს.

ასევე, ვიქტორ ყიფიანმა რადიო იმედის ეთერში თქვა, რომ რუსული კანონის ინიცირების საჭიროება არ იყო. ყიფიანის თქმით, კანონპროექტის შემუშავება დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია.

კომენტარები