საქართველო-უკრაინა

ყიფიანი უკრაინაზე: კობახიძისგან უფრო გაწონასწორებული განცხადებების მოსმენას ვისურვებდი

მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან უფრო გაწონასწორებული განცხადებების მოსმენას ვისურვებდი. აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები თქვენთან, მისდამი ჩემი პირადი პატივისცემის მიუხედავად. ის კეთილსინდისიერი ადამიანია, კონკრეტული საჭირო ცოდნითა და კომპეტენციებით, მაგრამ რიტორიკა და ფორმულირება, განსაკუთრებით ამგვარ დელიკატურ საკითხებზე, როდესაც უკრაინულ თემასთან შედარება კეთდება... 

როცა ამ განცხადებას პირდაპირ ეთერში ვისმენდი, ბატონი კობახიძის ამ პრესკონფერენციას, სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა. ამ განცხადების კონსტრუქციაში დავიჭირე უხერხულობა. მე ვფიქრობ, ეს განცხადება არა მხოლოდ ერთგვარად შიდა მოხმარებისაა, არამედ მოცემულ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასთან ჩვენ არცთუ მარტივი ურთიერთობები გვაქვს, ამგვარი განცხადებით დამატებით ცეცხლზე ნავთის დასხმაა იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარების როგორღაც დარეგულირებაზე ვიფიქროთ.

არ ვიცი, შეიძლება ეს ემოციური გარღვევა იყო, თუმცა, როცა ბატონ კობახიძეს ვუსმენ, ის გაწონასწორებული ადამიანია, ემოციებს იკავებს. ყოველშემთხვევაში, მე ვფიქრობ რომ ეს შედარება, რბილად რომ ვთქვათ, იყო გაუგებარი. რაღაც თვალსაზრისით არაკორექტულიც უკრაინელი ხალხის მიმართ და ვისურვებდი უფრო დაბალანსებულ, რაციონალურ განცხადებებს და პრაგმატულობას, რადგან ყოველი ასეთი განცხადება რისკის შემცველია, რომ შეიძლება სხვაგვარად გამოეხმაურონ, არ ვიცი, თვალი არ მიმიდევნებია უკრაინული მედიისთვის..

გავიმეორებ, ასეთი რთული ურთიერთობების ფონზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე მეტად ფრთხილი უნდა იყოს თავის განცხადებებში, მით უმეტეს, ასეთი არაორდინალური შედარებების კეთებისას.

 ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 1in TV-სთან ინტერვიუში გააკრიტიკა. მას კობახიძის ბრიფინგის შეფასება სთხოვეს - ქართული ოცნების თავმჯდომარემ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე თქვა, რომ ქართველი იანუკოვიჩი ციხეში ზის და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ასევე, მან თქვა - "რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას, მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ამ ქვეყანაშია". 

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ყიფიანმა რადიო იმედის ეთერში თქვა, რომ რუსული კანონის ინიცირების საჭიროება არ იყო. ამის შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ "ბატონო ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით".

კომენტარები