რუსული კანონი

სამხარაძის თქმით, კანონისთვის მხარი არ დაუჭერია, ტექნიკური პრობლემა იყო – პარლამენტი

ქართული ოცნება

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე ამბობს, რომ რუსული კანონისთვის მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭერია. მისი განმარტებით, კენჭისყრაზე კანონის მისაღებად მიცემული ხმა "ტექნიკური პრობლემა" იყო და ეს შესაბამის სამსახურთანაც დააფიქსირა. 

პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო. რეგისტრაცია 112-მა დეპუტატმა გაიარა. 1 მომხრე, 35 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები, დანარჩენებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. შესაბამისად, პარლამენტმა კანონის მიღების გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საკანონმდებლო განხილვები შეწყდა.

როგორც კენჭისყრის ოქმიდან ჩანს, დეპუტატი, რომელმაც კანონის ჩაგდებას მხარი არ დაუჭირა, ქართული ოცნების წევრი დიმიტრი სამხარაძეა.


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  ორი დღის მანძილზე ადმინისტრაციული წესით 133, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 

"ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა ნაწილი გუშინვე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე. დანარჩენი პირები კი გათავისუფლდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე და შემდგომ წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები. ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.

ორდღიანი აქციების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ  აცხადებს, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიხმეს და მას მეორე მოსმენით ჩააგდებენ. მათივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა უკვე გაიწვიეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომელიც მხოლოდ კომიტეტების დონეზე იყო მხარდაჭერილი. საქართველოს პარლამენტი ავრცელებს შალვა პაპუაშვილის წერილსაც, რომელიც მან ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს გაუგზავნა.

ქართული ოცნების დაპირების მიუხედავად, პარლამენტთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ, სასწრაფოდ დაენიშნა პარლამენტს პლენარული სხდომა და გაეთავისუფლებინა 7-8 მარტის აქციებზე დაკავებულები. მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პარლამენტის სხდომა ჩანიშნა, საპროტესტო აქცია დღეს, კანონპროექტის ჩაგდების განხილვის პარალელურად დაიგეგმა.

რატომ არ არის ოცნების კანონი ამერიკული და არის რუსული

კომენტარები