რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებული დნესტრისპირეთის მტკიცებით, უკრაინა ე.წ. პრეზიდენტის მკვლელობას გეგმავდა

ვადიმ კრასნოსელსკი

მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიის, დნესტრისპირეთის მარიონეტული მთავრობის მტკიცებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ე.წ. პრეზიდენტის, ვადიმ კრასნოსელსკის მკვლელობას გეგმავდა. 

"მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ტერაქტის აღკვეთის შესახებ. დანაშაული მზადდებოდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ბრძანებით, მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის რიგი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან. ისინი აღიარებით ჩვენებას იძლევიან". – ნათქვამია მარიონეტული დნესტრისპირეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 

ოკუპირებული დნესტრისპირეთის ე.წ. პროკურორის, ანატოლი გურცენკოს მტკიცებით, "ბოროტმოქმედები" გეგმავდნენ, რომ "ტერაქტი" ქალაქი ტირასპოლის ცენტრში მოეწყოთ. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიტალი იგნატევის მტკიცებით, ტერაქტი იგეგმებოდა ასაფეთქებლით, რომლის ნაწილებიც "დამზადებულია ან კავშირშია უკრაინასთან". 

აქამდე, 23 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ახალი კამპანია, თითქოს უკრაინის ძალები ახლო მომავალში დნესტრისპირეთში შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდნენ, რაც უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლებებმა უარყვეს.

ამას წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები, რომ მოსკოვი მოლდოვაზე დეზინფორმაციის გავრცელებას გააგრძელებდა და შესაძლოა რუსეთი ომის დაწყებას კიდევ ერთი ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავდეს. 

მოლდოვის პრემიერი: რუსეთს მოლდოვაში შეჭრისთვის სათანადო რესურსი არ გააჩნია

1990-1992 წლებში მოლდოვაში მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის კონფლიქტი. დაძაბულობამ პიკს 1992 წელს მიაღწია, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და გამოცხადებული იყო მოლდოვის რესპუბლიკა. ომი სამშვიდობო შეთანხმებით ამავე წელს დასრულდა.

დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 გვარდიული არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება, თუმცა, გასულ წელს, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რამდენიმე კვირით სიტუაცია დაიძაბა დნესტრისპირეთის გარშემოც, მას შემდეგ, რაც აქ რამდენიმე პროვოკაცია მოაწყვეს.

ვრცლად მოლდოვაში არსებული სეპარატიზმისა და დნესტრისპირეთის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

კომენტარები