რუსული კანონი

მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს განაგრძონ ხალხის მოსმენა – EPP

ევროპის სახალხო პარტია

ევროპის სახალხო პარტია (EPP) Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. EPP ეხმაურება ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის გადაწყვეტილებას, გაიწვიონ "აგენტების" შესახებ რუსული კანონი, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო.

"ქართველი ხალხის ხმა, რომელთაც თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავლის სწამთ ძლიერი და მკაფიოა. ხელისუფლებამ გაიწვია კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს განაგრძონ ხალხის მოსმენა და მოუფრთხილდნენ საკუთარი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს". - ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში.  


საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული კანონი გაიწვია. ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს, ხალხის ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებას სამთავრობო მედია იმედი ავრცელებს.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონპროექტები, რომლებმაც საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების მიზანი, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის რუსული ანალოგის მსგავსად, ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად მონათვლას და კრიტიკის ჩახშობის იარაღად გამოყენებას ემსახურება – იქნება ეს მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პარტიებსა და ფიზიკურ პირებში.

კომენტარები