კოსმოსი

ვაშინგტონი, ეიზენჰაუერი, კენედი, რეიგანი – აშშ-ს 4 პრეზიდენტის დნმ-ს კოსმოსში გაგზავნიან

Space.com

ამერიკული კომპანია Celestis კოსმოსში აშშ-ს ოთხი ყოფილი პრეზიდენტის: ჯორჯ ვაშინგტონის, დუაიტ ეიზენჰაუერის, ჯონ კენედის და რონალდ რეიგანის დნმ-ს გაგზავნის. ინფორმაციას კომპანიის საიტი ავრცელებს.

2023 წელს, მისიის Enterprise ფარგლებში, ხომალდი სახელად Vulcan Centaur აშშ-ს ყოფილი მმართველების გენომს წაიღებს. ხომალდი გაცდება დედამიწა-მთვარის სისტემას. დნმ აღებულია პრეზიდენტების თმის ღერებიდან, რომლებიც კომპანიას კოლექციონერმა ლუი მუშრომ აჩუქა. რამდენიმე წლის განმავლობაში გენომის შემცველი ღერები სპეციალურ ადგილას, ხელოვნური კლიმატის პირობებში ინახებოდა.

დნმ-ის ნიმუშები კოსმოსში ფხვნილის სახით, ტიტანიუმისგან დამზადებული კაფსულით გაიგზავნება, რომელიც სიცხეს, ყინვას და რადიაციას უძლებს.

"ეს იქნება პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამა თუ იმ ფორმით კოსმოსში გაემგზავრება. როგორც უძველესი ადამიანების დნმ ბევრ რამეს გვიყვება იმ პერიოდზე და განვითარებაზე, ასევე ყოფილი პრეზიდენტების დნმ-იც ბევრ რამეს მოუყვება ამერიკული კულტურის შესახებ მომავლის ცივილიზაციებს, რომლებიც შორეულ კოსმოსში დასახლდებიან". – წერია Celestis განცხადებაში.

პრეზიდენტების დნმ-ის გარდა Celestis კოსმოსში სერიალ Star Trek-ის გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრის გენეტიკურ ინფორმაციასაც გაგზავნის.

კომენტარები