მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე: ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ცნობით, 27 თებერვალს ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებთან შეხვედრაზე, რომლებმაც მას მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბლოკის ყველა ქვეყნის ერთობლივი დიპლომატიური დემარში წარუდგინეს, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა.

"შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე. პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული". – წერს ბრეგაძე.

EU-ს 27-მა სახელმწიფომ საერთო შეთანხმებით იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დიპლომატიური დემარშით მიმართა, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეშფოთებას გამოხატავდა.

27 თებერვალს პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურ მიმართვას გაუგზავნიდნენ და მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვდნენ.

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთი საპროტესტო ნოტაში გამოდის ინიციატივით, რომ სააკაშვილის სასჯელის ვადა დასრულდეს და მას საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს. დემარში, რომელიც ამ ინიციატივას მოიცავს, ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ უნდა დაადასტუროს. 16 თებერვალს პოლონური მედია წერდა, რომ წინადადებას უნგრეთის გარდა მხარი ყველამ დაუჭირა. მათივე ცნობით, ევროკავშირის დიპლომატები ამბობდნენ, რომ ბუდაპეშტის გადასარწმუნებლად ყველაფერს იღონებდნენ.

იქამდე, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ პოლონეთი მზადაა, სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს. მატეუშ მორავიეცკის განცხადებითვე, "თუ საქართველოს სურს, ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა".

კომენტარები