მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანაზე EU საქართველოს 27 თებერვალს მიმართავს - პოლონური მედია

მიხეილ სააკაშვილი

პოლონური მედიის ცნობით, დღეს, 27 თებერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურ მიმართვას გაუგზავნიან. კერძოდ, პოლონური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. 

"ორშაბათს, პოლონეთის დროით 14:00-ზე, თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური პროტესტით მიმართავენ. ის შეიცავს მოწოდებას, შეწყდეს სააკაშვილის სასჯელი პოლონეთში მკურნალობის მიზნით" - იუწყება პოლონური მედია და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე დიპლომატიური პროტესტი უნგრეთმა დაბლოკა, თუმცა, პოლონეთის და სხვა ქვეყნების "ზეწოლის შემდეგ", ინიციატივას უნგრეთიც შეუერთდა.


პოლონეთი საპროტესტო ნოტაში გამოდის ინიციატივით, რომ სააკაშვილის სასჯელის ვადა დასრულდეს და მას საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს. დემარში, რომელიც ამ ინიციატივას მოიცავს, ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ უნდა დაადასტუროს.

16 თებერვალს პოლონური მედია წერდა, რომ წინადადებას უნგრეთის გარდა მხარი ყველამ დაუჭირა. მათივე ცნობით, ევროკავშირის დიპლომატები ამბობდნენ, რომ ბუდაპეშტის გადასარწმუნებლად ყველაფერს იღონებდნენ.

იქამდე, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ პოლონეთი მზადაა, სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს.

"ვშიშობთ, რომ საქართველოში შეიძლება დაემართოს ის, რაც ყველაზე უარესია" - ამბობდა პოლონეთის პრემიერი.

მატეუშ მორავიეცკის განცხადებითვე, "თუ საქართველოს სურს, ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა".

კომენტარები