საქართველო-უკრაინა

პრემიერი პრეზიდენტს: თუ ვინმეს კიევში მოგზაურობა სურს, არავის არ ვზღუდავთ

ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მე ვახსენე, რომ ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას. ახლაც, საგარეო საქმეთა მინისტრი სხვა ევროპელ ლიდერებთან არის ნიუ იორკში, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ასამბლეაში, გამოვიდა სიტყვით, ჩვენი ქვეყნის სახელით წარადგინა ჩვენი პოზიცია და კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი თავისუფალია და არავის არ ვზღუდავთ.

მეორე მხრივ, იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, იმ ფონზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა იმოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს და რა თქმა უნდა უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ. ყველა უკრაინელი, ჩვენს ქვეყანაში რომლებიც იმყოფებიან, ცხოვრობენ დაცულად, ჩვენ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, გავუხსენით სკოლები უკრაინულ ენაზე და რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ მაქსიმუმს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომისთვის წლისთავისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი იზოლაციაში მოაქცია. 

კომენტარები