აშშ-საქართველო

დეგნანი: ეს რუსული კანონია, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა

უცხოელი აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეშფოთებაა მის გარშემო. მოდით ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, თუ რაზე არ არის ეს კანონი – ეს არ არის გამჭვირვალობაზე, უკვე ძალიან დიდი ანგარიშებია იმაზე თუ რას აკეთებს მაგალითად USAID, დონორები, რომლებიც დიდი ხანია, საქართველოს მხარს უჭერენ. ყოველ 3 თვეში ჩვენ წარვუდგენთ მოცულობით ანგარიშებს პარლამენტს, ყოველ 3 თვეში დეტალურად, თუ როგორაა ჩვენი დახმარება განაწილებული საქართველოში. ყველა ჩვენი ქართველი პარტნიორი ასევე ვალდებულია მსგავსი, დეტალური ანგარიშები წარუდგინოს საქართველოს შემოსავლების სამსახურს. უდიდესი გამჭვირვალობაა იმაზე, თუ როგორ გამოიყენება დახმარება აქ, საქართველოში. ეს ყველაფერი რამდენიმე საიტზეა ატვირთული.

ეს კანონპროექტი ასევე არაა აშშ-ის კანონზე. აშშ-ის კანონი არის ლობისტებზე და იურიდიულ კომპანიებზე, რომლებსაც უცხოური ხელისუფლებები ქირაობენ, რათა წარმოადგინონ ამ უცხოური ხელისუფლებების პოლიტიკური ინტერესები. ეს [ქართული ოცნების] კანონპროექტი კი ამაზე არაა. ეს კანონპროექტი რუსული კანონია. ეს ის კანონია, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა, გამიზნულია განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად. ეს კანონი იმ ქართველებს შეაჩერებს, ვინც ქართველებს ეხმარებიან მათი თემის, საზოგადოების გაუმჯობესებაში. ეს კანონი შეუჩერებს, მაგალითად იურიდიულ დახმარებას იმ ქართველებს, ვისაც ეს სჭირდებათ. ეს კანონი შეაჩერებს დამოუკიდებელ საცხოვრებელ სისტემებს, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად, რათა მიაწოდონ დახმარება იმ ოჯახებს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრები ჰყავთ, ვისაც სჭირდებათ მხარდაჭერა, რომლის უზრუნველყოფაც ხელისუფლებას ახლა არ შეუძლია. ეს კანონი ხელს შეუშლის სამედიცინო კვლევებს, რომელსაც ნაწილობრივ აფინანსებენ დონორები და ქართული უნივერსიტეტები, ეს კანონი შეაჩერებს ტურიზმის სააგენტოებს, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერთა ასოციაციებს, შეაჩერებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც მუშაობენ კლიმატის ცვლილების საკითხებზე - მათი სია, ვისზეც ამ კანონს გავლენა ექნება გრძელია. და ჩემი კითხვა, ნამდვილი კითხვა ამ სიტუაციაში არის: საერთოდ სჭირდება საქართველოს ეს კანონი, როცა უკვე არის საკმარისი გამჭვირვალობა და ღრმა თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ნდობა დონორებსა და მათ შორის, ვინც მუშაობს საქართველოს თემებისა და საზოგადოების გაუმჯობესებისთვის?

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. 

კომენტარები