საქართველო-უკრაინა

წითლიძე: 24 თებერვალს ენმ უკრაინაში ჩავალთ და რადაში ღონისძიებებში მონაწილეობას მივიღებთ

ანა წითლიძე
FACEBOOK

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ პარტია 24 თებერვალს კიევში ჩავა და უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებს.

"უკრაინის რადამ 24 თებერვალს, ომის წლისთავის აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტიც მიიწვია. თუმცა, როგორც ცნობილია, რუსულმა ოცნებამ ამ მოწვევაზე უარი თქვა [...] ამის საპირისპიროდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პარტიისა და ფრაქციის შემადგენლობა 24 თებერვალს უკრაინაში ჩავალთ. უკრაინის რადაში ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მივიღებთ და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ვეტყვით, რომ საქართველოს ხელისუფლების ნება ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლას მხარს უჭერს და ამ ბრძოლაში ბოლომდე მასთან ერთად იქნება". - თქვა ანა წითლიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

20 თებერვალს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავზე უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიწვია, თუმცა მმართველმა პარტიამ მიწვევაზე უარი თქვა.

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გარკვეული პირები უკრაინაში მიიწვიეს, თუმცა მმართველი პარტია წასვლაზე უარს ამბობს. ზარქუას განმარტებით, უარის მიზეზი უკრაინის მხრიდან "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებები" და მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად დასახელებაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ უკრაინის რადადან რაიმე წერილობითი მოწვევა არ ყოფილა და კომუნიკაცია მოხდა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის 24 თებერვალთან და შესაძლო ერთობლივ აღნიშვნასთან დაკავშირებით. "საქართველოს პარლამენტსა და რადას შორის ურთიერთობა, ეს არის ყველაზე თბილი და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ საქართველოს პარლამენტმა იმ ვიზიტებით, რომელიც აქ განხორციელდა". - თქვა პაპუაშვილმა. 

კომენტარები