საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტსა და რადას შორის ურთიერთობა, ყველაზე თბილი და მეგობრულია

"საქართველოს პარლამენტსა და რადას შორის ურთიერთობა, ეს არის ყველაზე თბილი და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ საქართველოს პარლამენტმა იმ ვიზიტებით, რომელიც აქ განხორციელდა".- ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

მისი თქმით, უკრაინის რადადან რაიმე წერილობითი მოწვევა არ ყოფილა კომუნიკაცია მოხდა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის 24 თებერვალთან და შესაძლო ერთობლივ აღნიშვნასთან დაკავშირებით და მა კომუნიკაციის დროს "სწორედ ეს პოზიცია დაფიქსირდა"

პაპუაშვილმა ლელოს დეპუტატს, ანა ნაცვლისშვილს უპასუხა, რომელმაც თავმჯდომარეს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ არის საქართველოს დელეგაცია უკრაინაში.

თქვენც იყავით მოწმე და მონაწილე, ჩამოვიდნენ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები ბავშვებთან ერთად, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი ვიზიტით იქ, მათი ვიზიტით აქ, დავამტკიცეთ, როგორი მეგობრობა გვაქვს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს საკითხები გამჟღავნდა არა უკრაინის რადას რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან, არამედ ისევ საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან, რომელთაც ფიცი აქვთ დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. ეს ერთადერთ რამ გვაჩვენებს, როგორ უყურებთ ჩვენს ქვეყანას, როგორ უყურებთ უკრაინას. 

ჩვენ არ ვაპირებთ მოთმენას და ატანას, რომ საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომლის წინაშეც გვაქვს ფიცი დადებული, აბრალებდნენ ყველაფერს. თქვენ [ოპოზიცია] ამას იტანთ, რადგან ვერ აცნობიერებთ იმ ფიცის ძალას, რომელიც გაქვთ დადებული. ნუ იღელვებთ, როგორი ურთიერთობები არის ჩვენს შორის. გუშინ კომუნიკაცია იყო კიდევ ერთხელ რადაში კოლეგებთან, ისინიც გაკვირვებული არიან, რატომ მოხდა ასეთი აჟიოტაჟი საქართველოში".- ამბობს პაპუაშვილი. 

20 თებერვალს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავზე უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიწვია, თუმცა მმართველმა პარტიამ მიწვევაზე უარი თქვა.

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გარკვეული პირები უკრაინაში მიიწვიეს, თუმცა მმართველი პარტია წასვლაზე უარს ამბობს. ზარქუას განმარტებით, უარის მიზეზი უკრაინის მხრიდან "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებები" და მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად დასახელებაა.

კომენტარები