რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონია უკრაინისთვის $5.5 მილიარდის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ უკრაინისთვის დამატებით $5.5 მილიარდის ფინანსური დახმარების გამოყოფა დაანონსა. ამის შესახებ კიშიდამ ტოკიოში გამართულ გლობალურ ფორუმზე ისაუბრა, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება ფინანსური დახმარება ომის შედეგად მიყენებული ზიანის აღსადგენად. 

ამასთან ერთად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე იაპონია უმასპინძლებს დიდი შვიდეულის შეხვედრას, რომელსაც შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, იაპონია აქტიურად ეხმარება უკრაინას როგორც ფინანსურად, ასევე შეიარაღებით. ამასთან ერთად, იაპონიამ რუსეთს მრავალი სანქცია დაუწესა. 

იაპონიის მთავრობის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა იზიარებს მთავრობის პოზიციას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, იაპონელთა 94.7% რუსეთის მიმართ "მეგობრულად არ არის განწყობილი". მოცემულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი 1978 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც კვლევას ეს კითხვა დაემატა, რეკორდულად მაღალია და წინა წელთან შედარებით 8.3%-ით გაიზარდა. 

რუსეთის მიმართ მკვეთრად გაზრდილი უარყოფითი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება და ტოკიოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუარესებაა. 

გამოკითხულთა მხოლოდ 5%-მა თქვა, რომ რუსეთის მიმართ მეგობრულად არის განწყობილი, რაც წინა წელთან შედარებით 8.1%-ით ნაკლებია. 

ასევე, 2021 წელს რუსეთ-იაპონიის ურთიერთობას "კარგად"  20.6% აფასებდა, წელს კი პროცენტული მაჩვენებელი 3.1%-მდე დაეცა. 

თუმცა, ნეგატიური დამოკიდებულების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის 57.7% მაინც თვლის, რომ რუსეთ-იაპონიის ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იაპონიამ რუსეთს მრავალი სანქცია დაუწესა. ამასთან ერთად, ტოკიოსა და მოსკოვს შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, რუსეთმა იაპონიასთან არსებული სამშვიდობო მოლაპარაკებები დატოვა და გაწყვიტა ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, რომლებიც სადავო კურილის კუნძულებს უკავშირდებოდა.

კომენტარები