ირანის ბირთვული პროგრამა

Bloomberg: ირანმა ურანი 84%-მდე გაამდიდრა

ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია, ირანი.
Asgaripour/AFP/Getty Images

Bloomberg-ის ორი დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, საერთაშორისო ატომურმა სააგენტოებმა გასულ კვირაში დააფიქსირეს, რომ ირანმა ურანი 84%-მდე გაამდიდრა.

როგორც წყაროები ამბობენ, ინსპექტორებმა უნდა განსაზღვონ, ირანმა ურანი განზრახ გაამდიდრა, თუ ეს ცენტრიფუგების მუშაობის უყურადღებოდ დატოვების შედეგია. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ეს ამ თვეში მეორე შემთხვევაა, როცა ურანის გამდიდრების საეჭვო აქტივობები დააფიქსირეს.

ირანი ამ ინფორმაციას უარყოფს.

აქამდე, ცნობილი იყო, რომ ირანს ურანი 60%-მდე ჰქონდა გამდიდრებული. ბირთვული იარაღის დასამზადებლად საჭიროა 90%-მდე გამდიდრებული ურანი.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანს ბირთვული ენერგიის მაკონტროლებელი სააგენტოსთვის არ წარუდგენია შესაბამისი ფორმა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ურანის გამდიდრებას გეგმავდნენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ცნობებთან დაკავშირებით ირანის წარმომადგენლებს ესაუბრება.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები