საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი: ომის შემდეგ გვექნება საუბარი იმ უკრაინელ ჩინოსნებთან, რომლებიც ასე გვიტევდნენ

ქართული ოცნება

"იყო კომუნიკაცია მეგობრობის ჯგუფებს შორის" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით საპარლამენტო დელეგაციის მიწვევაზე თქვა. პაპუაშვილს შესაბამისი კითხვა გიორგი ვაშაძის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუსვეს. მისი განცხადებით, "უკრაინაში ზოგადად იგეგმება ღონისძიება, ყველას მიმართ, ვისაც სურვილი ჰქონდა იქ ჩასვლისა". დამაზუსტებელ კითხვებზე, საქართველოს პარლამენტმა ოფიციალური მოწვევა მიიღო თუ მხოლოდ ქართული ოცნების წევრებთან ჰქონდათ "სიტყვიერი კომუნიკაცია", შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დეპუტატები მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან გადაამისამართა.

"მიმართეთ და განგიმარტავთ. პარლამენტი მოქმედებს სტრუქტურების მიხედვით, ყველა ყველა საკითხში ჩართული არ არის, ამიტომ არსებობს სტრუქტურები, მათ შორის მეგობრობის ჯგუფი და არაფერი აქ განსაკუთრებული არ არის, ჩვენი პოზიცია საკმაოდ ღია და საჯაროა" - ამბობს პაპუაშვილი და აღნიშნავს, რომ იმედგამაცრუებელია,  როდესაც საქართველოს "გულწრფელი, კეთილსინდისიერი სოლიდარობის" მიუხედავად, "ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსნის მხრიდან პირდაპირ თავდასხმას ვხედავთ". მისი მტკიცებით, "დედამიწაზე არაა არცერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენს მდგომარეობაში იქნებოდა და ჩვენზე მეტ სოლიდარობას გამოიჩენდა უკრაინის მიმართ" და "ხელი არ აგვკანკალებია, მხარი დაგვეჭირა ნებისმიერი რეზოლუციისთვის, რომელიც უკრაინას მხარს უჭერს და რუსულ აგრესიას გმობს"

"იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვართ, საქართველომ გამოიჩინა ისეთი სოლიდარობა, რომელიც არ გამოუჩენია არცერთ ქვეყანას, თუ იქნებოდა ასეთ პირობებში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ არის დაცული ნატოს ქოლგით, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ ყველაზე ხმამაღალი საერთაშორისო ფორმატებში, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც განსხვავებით ყველა სხვისგან, რომელიც არის უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში, არ ვართ დაცული ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით, ვართ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა და ამის მიუხედავად, ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერები, რაც შეეხება სანქციებისგან გვერდის ავლის ხელშეშლაში.

ჩვენ ვართ მოსაზღვრე ქვეყანა, რა თქმა უნდა, რისკი, რომ შეეცადოს და გამოიყენოს ეს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, არის დიდი. განსაკუთრებით, როცა მოქმედებს სანქციები და აკრძალვები, აქ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც შეეცდება, ხელი მოითბოს" - ამბობს პაპუაშვილი და აღნიშნავს, რომ "არათუ ფაქტი, ეჭვის დონეზეც ვერ დადასტურდა ვერაფერი საერთოდ".

"აქაც გამოჩნდა, არამხოლოდ რამდენად კეთილსინდისიერია საქართველო უკრაინასთან სოლიდარობაში, არამედ, გამოჩნდა რამდენად ძლიერია ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ახერხებს, ამ რთულ პირობებში უზრუნველეყო ის, რომ არ ყოფილიყო არცერთი ფაქტი და ეჭვი სანქციების გვერდისას ავლისა.

ამავე დროს, ვართ ქვეყანა, ვინც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და რომლის ტერიტორიზეც დღესაც დგას რუსეთის არმია, უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში არცერთი ქვეყანა არ არის იმ მდგომარეობაში რომელშიც ვართ ჩვენ, უსაფრთხოების და ეკონომიკური რისკებიდან გამომდინარე არცერთი ქვეყანა ასე არ არის, ჩვენ მიუხედავად ამისა, ვართ ისევე მოტივირებული უკრაინის მხარდაჭერის, როგორც სხვა ქვეყნები.

ამ ფონზე, ჩვენთვის სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსნის მხრიდან საქართველოს მიმართ პირდაპირ თავდასხმას და ეს არის, რა თქმა უნდა, იმედგამაცრუებელი.

რა თქმა უნდა, ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას, ეს ომი დასრულდება და ამ ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი იმ უკრაინელ მაღალჩინოსნებთან, რომელთა მხრიდანაც ამ მძიმე წუთებში, ასეთი შეტევები ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ -  იქნება ეს დაბრალება სანქციების გვერდის ავლაზე, თანამშრომლობა სხვებთან თუ ახლა ბოლოს, მათ მოქალაქეზე ყალბი დეზინფორმაციის გავრცელება....

... რა თქმა უნდა, ჩვენ ვუფრთხილდებით ურთიერთობას, რომელიც გვაქვს საპარლამენტო დონეზე, ძალიან თბილი, კარგი, მეგობრული და განსაკუთრებული ურთიერთობაა, რომელიც დადასტურდა ერთი წლის განმავლობაში, იქნებოდა ჩვენი ვიზიტი კიევში თუ უკრაინის მეგობრობის ჯგუფის - საქართველოში. ამ უცნაურ და რთულ მდგომარეობას ყველა ითვალისწინებს და იზიარებს, აი, თქვენი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი [გიორგი ვაშაძე] როცა ასეთ საკითხებზე პედალირებს, აჩვენებს, რამდენად არ უყვარს მას არცერთი და არც მეორე ქვეყანა, საბოლოო ჯამში" - თქვა პაპუაშვილმა.

დღეს, 20 თებერვალს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავზე უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიწვია, თუმცა მმართველმა პარტიამ მიწვევაზე უარი თქვა.

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გარკვეული პირები უკრაინაში მიიწვიეს, თუმცა მმართველი პარტია წასვლაზე უარს ამბობს. ზარქუას განმარტებით, უარის მიზეზი უკრაინის მხრიდან "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებები" და მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად დასახელებაა.

კომენტარები