რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU-ს სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ბირთვულ სექტორზე შეზღუდვებს არ ითვალისწინებს – Politico

Politico-ს ცნობით, ევროკომისიამ სანქციების ახალ პაკეტში რუსეთის ატომური ენერგეტიკის სექტორისა და მისი წარმომადგენლების სანქცირების გეგმაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაცია Politico-ს სამმა დიპლომატმა მიაწოდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, ევროკომისია იუწყებოდა, რომ სანქციების ახალ პაკეტში რუსეთის ბირთვული სექტორის გათვალისწინებასაც შეეცდებოდა. გასულ კვირას გამართული ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა შეზღუდვები, სულ მცირე, რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციის, Росатом-ის წინააღმდეგ დაეწესებინა. თუმცა, Politico-ს უცნობ წყაროზე დაყრდნობით, ეს გეგმა ვერ შესრულდა. 

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, სანქციების პაკეტი საავიაციო და სამხედრო მიმართულებებს მოიცავს, რაც სავიზო შეზუღდვებსა და კომპანიებისა და კონკრეტული პირების აქციების გაყინვას გულისხმობს. თუმცა ბირთვულ სექტორზე არაფერია ნათქვამი. 

Politico-ს ცნობით, ბირთვული სექტორის სანქცირების წინააღმდეგი უნგრეთი და საფრანგეთი არიან, რადგან ელექტრონული ენერგიისა და საწვავის კუთხით Росатом-ზე არიან დამოკიდებული. 

როგორც უცნობი წყარო იუწყება, უნგრეთისგან ვეტოს დადების თავიდან აცილების მიზნით, თავდაპირველად ევროკომისია Росатом-ის კონკრეტული თანამშრომლების სანქცირებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. 

კომენტარები