რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარკ მილი: რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება 

გენერალი მარკ მილი
AP/Olivier Matthys

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის თქმით, ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს, ხოლო ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

"რუსებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უკრაინის განადგურებას აპირებს. ეს უბრალოდ არ მოხდება". – თქვა მილიმ.

ამასთანავე, მილიმ რუსეთ-უკრაინის ომსა და მეორე მსოფლიო ომს შორის პარალელი გაავლო. მისი თქმით, აგრესია უნდა შეწყდეს "სიმტკიცით, შეკავებითა და სამხედრო ძალით". თუმცა მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული არსენალთან დაკავშირებით ფსონები ახლა უფრო მაღალია.

"უკრაინისთვის ასევე ძალიან, ძალიან რთულია წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ყოველი სანტიმეტრიდან რუსების გაძევება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს... მაგრამ ეს არაჩვეულებრივად რთულია. და ეს მოითხოვს არსებითად რუსი სამხედროების დაშლას". – დასძინა მან.

ამასთან, კითხვაზე, გავიდა თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური შეთანხმების მომენტი, მილიმ თქვა, რომ შესაძლებლობები დროის ნებისმიერ მომენტში არსებობს.  

რამდენიმე დღის წინ მარკ მილიმ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი ცდებოდა, როდესაც ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად დაამარცხებდა და NATO-ს გახლეჩდა. ამის შესახებ მილიმ ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად დაამარცხებდა, NATO-ს გახლეჩდა და დაუსჯელი დარჩებოდა. ის ცდებოდა. უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი. NATO და მისი კოალიცია კი ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. რუსეთი გარიყულია, მსოფლიო კი კვლავ შთაგონებულია უკრაინის სიმამაცითა და სიმტკიცით". - თქვა მილიმ.

კომენტარები