რუსეთთან ფრენები

კობახიძე ფრენებზე: რუსეთმა დასაჯა ჩვენი მოქალაქეები, თუ სასჯელი მოეხსნებათ, მისასალმებელია

ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისასალმებელია რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა, რადგან მათი აკრძალვა სასჯელი იყო რუსეთში მცხოვრები საქათველოს მოქალაქეებისთვის.

კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, რომ ალოგიკურია, როდესაც რუსეთმა შეიძლება საქართველოს მოქალაქეებს "სასჯელი მოუხსნას", მაგრამ დასავლეთმა მათ დაუწესოს "სასჯელი და სანქციები".

"2019 წელს რუსეთმა დაუწესა სასჯელი ჩვენს მოქალაქეებს, 800 000 მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თანამემამულე და თანამოქალაქე, ერთიც და მეორეც ჯამში და ისინი დასაჯა რუსეთის ფედერაციამ, როდესაც ცალმხრივად დაგვიწესა სანქცია ფრენებთან დაკავშირებით. ახლა ამბობენ რომ ეს სასჯელი უნდა მოუხსნან ამ ჩვენს თანამოქალაქეებს და თანამემამულეებს, ჯამში 800 000 კაცზეა საუბარი, ძალიან დიდი რაოდენობაა და მეორე მხრივ საუბარი არის იმაზე, რომ რუსეთმა ამათ სასჯელი უნდა მოუხსნას და სხვა უნდა დაუწესოს მერე ამ ჩვენს თანამემამულეებს და თანამოქალაქეებს სასჯელი და სანქციები და ეს სხვა არის დასავლეთი, აქ ლოგიკა მემგონი დიდად არ იკითხება.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, თუ ეს სასჯელი მოიხსნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემულეებისთვის, ეს მისასალმებელი იქნება, ეს მათ მდგომარეობას შეუმსუბუქებს, როგორც დაუმძიმა საპირისპირო გადაწყვეტილებამ 2019 წელს, ასე შეუმსუბუქებს მათ 2023 წელს საპირისპირო გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ეს იქნება მისასალმებელი, თუ სასჯელი მოეხსნებათ ჩვენს თანამოქალაქეებს და თანამემამულეებს, აქ ახლა ემატება, რომ შეიძლება სხვამ დასაჯოს...". - თქვა მან.

2 თებერვალს ამერიკის ხმაზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან, სანქციები დაუწესდებათ.


19 იანვარს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების პასუხად აღნიშნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა მისასალმებელია. მანამდე, 18 იანვარს სერგეი ლავროვმა თქვა, რომ იმედოვნებს, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებენ.

შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.

ამის შემდეგ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.

ამას მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენ პერებიინისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრა, რომელზეც, უკრაინული მხარის ცნობით, ქართულმა მხარემ ისინი დაარწმუნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებას თბილისი არ აპირებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ რუსული ავიახაზების აკრძალვა დროებითია და მისი გაუქმების მთავარი პირობა "საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების რისკების გაქრობაა".

კომენტარები