NATO

სტოლტენბერგი: განვიხილავთ ბოსნიის, საქართველოსა და მოლდოვისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 14 თებერვალს ბრიუსელში დაგეგმილი თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას განიხილავენ.

"ჩვენ ასევე განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ" - თქვა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრაზე ისინი თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობების გაზრდისა და მარაგების შევსების გზებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

"უკრაინაში მიმდინარე ომი საჭიროებს უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალას და ამცირებს მოკავშირეთა მარაგს. უკრაინის მიერ საბრძოლო მასალის დახარჯვის ამჟამინდელი მაჩვენებელი ბევრჯერ აღემატება ჩვენი წარმოების ამჟამინდელ მაჩვენებელს." - თქვა სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივნის აზრით, NATO-მ უნდა გააძლიეროს წარმოება და ინვესტირება თავის საწარმოო შესაძლებლობებში.

NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 14-15 თებერვალს გაიმართება, რომელსაც გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება რამშტაინის სამიტს, იგი NATO-ს შტაბ-ბინაში 14 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესმდივანი ავრცელებს

კომენტარები