რუსეთ-საქარათველო

ზახაროვა: საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო შეთანხმებას ვითხოვთ

13 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ურთიერთობების გამყარებით არის დაინტერესებული.

კითხვაზე, როგორ აფასებს მარია ზახაროვა რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, მან უპასუხა:

"15 წლის წინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და პროგრესული განვითარება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის უმრავლესობას აქვს რუსეთის მოქალაქეობა და ისინი მხარს უჭერენ რუსეთთან კავშირის გაძლიერებას [...] ჩვენი მიზანია ამიერკავკასიის რესპუბლიკებთან ურთიერთობების გამყარება." - ამბობს ზახაროვა.

სპიკერის თქმით, აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის მხარდაჭერა უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში "ჭეშმარიტი მოკავშირეობის მაგალითია."

ამასთან, ზახაროვას თქმით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის "უსაფრთოხების უზრუნველყოფის" მიზნით, საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო შეთანხმებას ითხოვს.

"ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები, რუსეთი იცავს სახელმწიფო საზღვრებს  შესაძლო პროვოკაციების აღკვეთის მიზნით, რაც აქტუალურია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. ჩვენ ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებას ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეგიონში სტაბილურობის გარანტია იქნება." -ამბობს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, ქვეყანა ოკუპირებული ცხინვალისა და ოკუპირებული აფხაზეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება. მისივე სიტყვებით, მნიშვნელოვანი როლი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ენიჭება და ყველა საკითხი შესაბამისი სამთავრობათაშორისო კომისიების ფარგლებში განიხილება. ზახაროვას მტკიცებით, ხორციელდება საინვესტიციო პროგრამები, რომლებიც ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.

“ერთობლივი საქმიანობა განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროში ჩვენი ქვეყნების [რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთი, ოკუპირებული ცხინვალი] ხალხების კონსოლიდაციას ემსახურება. საჯარო მოხელეები და მასწავლებლები გადიან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს რუსული ინსტიტუტების ბაზაზე. სხვადასხვა გრანტის წყალობით, ნიჭიერი ახალგაზრდები მონაწილეობენ რუსეთის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ფორუმებსა და კონკურსებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პატრიოტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია საერთო ისტორიის სამახსოვრო თარიღებთან, მეცნიერებისა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებთან” - ამბობს მარია ზახაროვა.

კომენტარები