ჯგუფური გაუპატიურება პაკისტანში

"ნუ დაუშვებთ კიდევ ერთი ქალის ტანჯვას" – პაკისტანელები ჯგუფურ გაუპატიურებას აპროტესტებენ

ფატიმა ჯინას პარკი ისლამბადში

2 თებერვალს პაკისტანში, ისლამბადის ცენტრში ქალი, სავარაუდოდ, ჯგუფურად გააუპატიურეს. ინფორმაციას CNN ქალის ჩვენების საფუძველზე ავრცელებს.

პაკისტანში, ფატიმა ჯინას პარკში ქალის სავარაუდო ჯგუფურ გაუპატიურებას ქალთა უფლებების დამცველები აპროტესტებენ და თვლიან, რომ ქვეყანაში "სექსუალური ბარბაროსობა" მომრავლდა.

2 თებერვალს 24 წლის ქალი კაც კოლეგასთან ერთად ისლამაბადის პარკში იყო, როდესაც მათ ორი შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს.

ქალის მტკიცებით, მამაკაცებმა ის პარკის “ჯუნგლების ზონისკენ” იძულებით წაიყვანეს, სადაც ტანსაცმელი შემოახიეს და გააუპატიურეს.

როგორც მსხვერპლის ჩვენებაშია, მამაკაცებმა მას კოლეგასთან მისი კავშირის შესახებ ჰკითხეს. ამასთან, უთხრეს, რომ ის ღამით პარკში არ უნდა ყოფილიყო.

"როცა ვუპასუხე, გამარტყეს, თმებზე მომქაჩეს და იატაკზე დამაგდეს." - ნათქვამია ქალბატონის ჩვენებაში.

მომიტინგეებმა თავიანთი თავშლები პარკის მოაჯირებს მიამაგრეს. ისინი ქვეყანაში ცვლილებებს ითხოვენ.

"გთხოვთ, ნუ დაუშვებთ კიდევ ერთი ქალის ტანჯვას." - წერია ერთ-ერთ ბანერზე.

უფლებადამცველი ჯგუფის, Aurat Azadi March-ის [ქალთა თავისუფლების მარში] განცხადებაში ნათქვამია, რომ პაკისტანში "სექსუალური ბარბაროსობა" მომრავლდა და სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მასზე დუმილი მიუღებელია.

როგორც ისლამაბადის პოლიციამ CNN-ს უთხრა, საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაკავებულა.

აღსაღნიშნია, რომ ფატიმა ჯინას პარკი პაკისტანში, ისლამბადის ცენტრში, ქალაქის მდიდარ ნაწილში მდებარეობს და უსაფრთხო ადგილია. მას ხშირად ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკს ადარებენ, რადგან ოჯახები ხშირად იკრიბებიან და ბავშვები მთელი დღის განმავლობაში თამაშობენ.

კომენტარები