რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

THE TIMES: შესაძლოა, ბრიტანეთმა უკრაინას Harpoon-ის ან Storm Shadow-ის რაკეტები გადასცეს

Harpoon-ის ტიპის რაკეტის გაშვება
The Times

დიდ ბრიტანეთში Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ან Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს

The Times-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი ანექსირებულ ყირიმზე იერიშის მიტანისთვის მზადაა, ბრიტანული რაკეტები გამოიყენოს. 

მედიის ინფორმაციით, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის გადასაწყვეტად, თუ რამდენი ბრიტანული რაკეტა შეიძლება გაიგზავნოს უკრაინაში. 

Harpoon-ის ტიპის რაკეტა, რომლის მაქსიმალური დიაპაზონი 240 კილომეტრია, დაახლოებით 1.2 მლნ ფუნტი სტერლინგი ღირს.

რაც შეეხება Storm Shadow-ის ტიპის რაკეტას, იგი 2.2 მლნ ფუნტი სტერლინგი ღირს და შეუძლია 560 კილომეტრით დაშორებულ სამიზნეზე იერიშის მიტანა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ექსპორტისთვის განკუთვნილ ვერსიებს გაცილებით მცირე დიაპაზონი აქვთ. 

Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები უკრაინას ადრე დანიამ მიაწოდა. მათი ადაპტირება შესაძლებელია სატვირთო მანქანებიდან გასაშვებად, თუმცა ისინი ნაკლებად ზუსტი იქნება სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმისას. 

ამასთან ერთად, Storm Shadow-ის ტიპის რაკეტების გაშვებაც შესაძლებელია ხმელეთიდან, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ მათ უკრაინულ თვითმფრინავებზე დაამონტაჟებენ.

კომენტარები