მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მორავიეცკი: საქართველომ სააკაშვილზე EU-ს მიმართვა სერიოზულად უნდა მიიღოს

"გვინდა, მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში მკურნალობა შეძლოს" -  პოლონეთის პრემიერმინისტრი ადასტურებს, რომ ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პოლონეთის ინიციატივის შესახებ მუშაობს. კერძოდ, პოლონური მედიის ინფორმაციით, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ საქართველოს მთავრობა 27 ქვეყნის ერთობლივ წერილს მიიღებს.

მატეუშ მორავიეცკის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში მკურნალობის შესაძლებლობაზე ევროკავშირის სამიტზე "ბევრ ლიდერს" ესაუბრა.

"ვშიშობთ, რომ საქართველოში შეიძლება დაემართოს ის, რაც ყველაზე უარესია" - ამბობს პოლონეთის პრემიერი.

მატეუშ მორავიეცკის განცხადებითვე, "თუ საქართველოს სურს, ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა".

იქამდე, პოლონეთის საზოგადოებრივმა რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთმა ინიციატივა მოამზადა და ევროკავშირში ხელმოწერებს აგროვებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის გათავისუფლების თაობაზე მიმართოს. წერილი უნდა შეიცავდეს დეკლარაციას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობის ნებართვას მიიღებს და საქართველოს დატოვებს, ის ასევე დატოვებს საზოგადოებრივ ცხოვრებას და არ ჩაერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში მანამ, სანამ ევროკავშირის ტერიტორიაზე იქნება.

პოლონეთის რადიოს ცნობით, წერილში იქნება საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის გარანტია, თუმცა, ასევე დრამატულად შეფასდება ექსპრეზიდენტის მდგომარეობა.

"თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, მისი სიკვდილი ჩრდილს მიაყენებს საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, აშშ-სთან და ნატოსთან“, - ნათქვამია წერილის ფრაგმენტში, რომელიც Polskie radio-ს ინფორმაციით, მათმა ბრიუსელის კორესპონდენტმა ნახა. 


თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასჯელისგან არ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც გადაუვადდება. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაეშვათ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარე საჩივარს ევროსასამართლოში გაგზავნის.

რამდენიმე თვეა, ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მას ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს. იგივე განცხადებებს აკეთებენ მისი ოჯახის წევრები.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ "ვერაფერი გამტეხავს!  ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა!  ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!",

კომენტარები