გენდერული კვოტირება

პარლამენტმა გენდერული კვოტირების წესთან დაკავშირებული ცვლილება დაჩქარებულად მიიღო

პარლამენტმა, 90 ხმით ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, საარჩევნო კოდექსში ცვლილება მიიღო, რომელიც გენდერული კვოტირების წესს შეეხება.

ცვლილება შეეხება საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლს.

"მოქმედ კანონმდებლობაში საუბარია ამ კვოტების თაობაზე 2032 წლამდე. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვადა გადავწიოთ 2032 წლის ოქტომბრის ჩათვლით ჩასატარებელ არჩევნებთან მიმართებაში. ასევე, მოქმედი კანონით, როგორც პარლამენტიდან, ასევე საკრებულოდან ქალი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, მას ანაცვლებს რიგით შემდეგი ქალი დეპუტატი, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში, მას ანაცვლებს მამაკაცი." - აღნიშნა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გივი მიქანაძემ.

მომხსენებლის თქმით, ქალების პოლიტიკაში წახალისების მიზნით, მამაკაცის პარლამენტიდან გასვლის შემთხვევაში მისი ჩანაცვლება არა მომდევნო მამაკაცით, არამედ სიის მომდევნო წევრით მოხდება.

203-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

კომენტარები