მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

უკრაინა თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის

ძლიერი მიწისძვრის შედეგად გამოუწველ ზიანთან გასამკლავებლად უკრაინა თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა და თურქ ხალხის მიმართ სამძიმარი გამოხატა.

"გამოვხატავ მწუხარებას პრეზიდენტ ერდოღანის, თურქი ხალხისა და მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ყველა დაშავებულს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით ამ რთულ პერიოდში. მზად ვართ, საჭირო დახმარების გასაწევად, რათა უბედურებიდან გამოწვეული შედეგები დავძლიოთ". – წერს ზელენსკი.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში პირველი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 3 419 ადამიანი დაიღუპა და 15 000-ზე მეტი დაშავდა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს აჭარბებს,

მაშველები ორივე ქვეყანაში ასობით შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ვარაუდი თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა.

კომენტარები