მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

რა ვიცით თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრაზე?

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში გუშინ, 6 თებერვალს მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ რეგიონში მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად 7.7 მაგნიტუდის. ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგების სიღრმე 18 კილომეტრი იყო და ეპიცენტრი სამხრეთ თურქეთსა და სირიის ჩრდილოეთ საზღვართან არის.

ორ ქვეყანაში ბიძგები განმეორდა. პირველი 11 საათის განმავლობაში რეგიონში 13 მნიშვნელოვანი განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, თითოეული 5 მაგნიტუდის. 

"განმეორებითი მიწისძვრები მოსალოდნელია, ველით მომდევნო კვირებსა და თვეებში". - აღნიშნა გეოლოგმა, ალექს ჰატემმა. 

მკვლევრების განმარტებით, მიწისძვრის ცენტრში ორი ტექტონიკური ფილა ერთმანეთს ჰორიზონტალურად ეხახუნება. მისურის უნივერსიტეტის სეისმოლოგმა, ერკ სენდვოლმა პროცესის ახსნისას აღნიშნა, რომ დედამიწა დაყოფილია 7 განსხვავებულ ნაწილად, "დაახლოებით ისე, როგორც ფაზლი". 

ეს ნაწილები ერთმანეთს ნასხლეტებთან ხვდება, სადაც ფილები, როგორც წესი, ნელა ეხახუნება ერთმანეთს. თუმცა მას შემდეგ, რაც საკმარისი ენერგია გროვდება, ისინი ამ დიდი რაოდენობის ენერგიის გათავისუფლებას ცდილობენ. ამ შემთხვევაში ერთი ფილა აღმოსავლეთით გადაადგილდა, მეორე კი დასავლეთისკენ. 

დროთა განმავლობაში ბიძგები ნელდება და ნაკლებად ხშირი ხდება. 

ყველაზე დიდი მიწისძვრა ჩილეში - 9.4-9.6 მაგნიტუდის, 1960 წელს მოხდა. ეს მიწისძვრა სუბდუქციისა იყო, რომლის დროსაც ერთი ფილა მეორის ქვეშ მოექცა, რაც ძლიერი ენერგიის გამოდევნას იწვევს

ბოლო 10 წლის მომაკვდინებელი მიწისძვრები: 

2022: ავღანეთში, დაიღუპა 1 000-ზე მეტი ადამიანი, 6.1 მაგნიტუდა

2021: ჰაიტიში, დაიღუპა 2 200 ადამიანი, 7.2 მაგნიტუდა

2018: ინდონეზია, დაიღუპა 4 300 ადამიანი, 7.5 მაგნიტუდა

2015: ნეპალში, 8 800 ადამიანი დაიღუპა, 7.8 მაგნიტუდა

2011: ჩრდილოეთ იაპონია, რამაც ცუნამი გამოიწვია და დაიღუპა 20 000-მდე ადამიანი, 9.0 მაგნიტუდა

2010: ჰაიტიში, 316 000 ადამიანი დაიღუპა, 7.0 მაგნიტუდა

თურქეთის რეგიონი სეისმურად აქტიურია, რადგან სწორედ მის ტერიტორიაზე გადის ორი ძირითადი ნასხლეტი (ფილების გამყოფი ხაზი). აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში თურქეთში 60-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა - თითოეული 2.5 მაგნიტუდაზე მეტის. 

უფრო დიდი მიწისძვრები ნაკლებად ხშირია, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი მოვლენაა. გასული წლის ნოემბერში თურქეთში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, 2020 წლისთვის კი ეგეოსის ზღვაში თურქეთსა და საბერძნეთს შორის 7.0 მაგნიტუდის. 

თურქეთმა 2000 წელს შეცვალა მშენებლობის წესები. უკანასკნელი მიწისძვრისას, ძირითადად, ძველი შენობები დაზიანდა. 

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთით იყო, სადაც ბევრი ძველი შენობაა. სირიაში კი სწრაფმა მშენებლობებმა და მრავალწლიანმა ომმა ნაგებობები სტრუქტურულად დაუცველი დატოვა.

მაშველები ორივე ქვეყანაში ასობით შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ვარაუდი, თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა.

კომენტარები