ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მინაშვილი: უარს ვამბობ, ვიყო დღევანდელი "ყრილობის" მიერ დამტკიცებული " პოლიტსაბჭოს" წევრი

აკაკი მინაშვილი 
for.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, აკაკი მინაშვილი პარტიის ახალი პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"მარტივად და პირდაპირ - უარს ვამბობ, ვიყო დღევანდელი "ყრილობის" მიერ დამტკიცებული " პოლიტიკური საბჭოს" წევრი. სულ რამდენიმე დღის წინ, ნაციონალურ მოძრაობაში ჩატარდა უპრეცედენტოდ დემოკრატიული, მონაწილეობითი და მაღალი ლეგიტიმაციის არჩევნები, რომელშიც 42 ათასმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილის გუნდი თავდაპირველ ეტაპზე არჩევნების "ვიწრო წრეში" ჩატარების იდეით გამოდიოდა. ხაბეიშვილის გუნდი მხარდამჭერებს ჰპირდებოდა ფართომასშტაბიან არჩევნებს ყველა დონეზე. არადა, სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ მათ, ფეხქვეშ გაეთელათ როგორც საკუთარი დაპირება, ისე დემოკრატიულობის ის პრეცედენტი, რაც თავმჯდომარის არჩევნებში გამოიხატა და რის შემდეგაც ნიკა მელიამ ახალ თავმჯდომარეს მიულოცა და წარმატება უსურვა. პოლიტიკური საბჭო პარტიის მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. აქ მიმდინარეობდა სხვადასხვა საკითხის აქტიური განხილვა და დისკუსია, მუდმივად იყო განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციებზე კამათი და მსჯელობა. სწორედ ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრის მიერ დანიშნულ ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბად გარდასახულ "პოლიტიკური საბჭოს" ლეგიტიმაცია არის ნულის ტოლი. აქ არ არის საუბარი პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობებზე. გავითვალისწინეთ რა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ნება, ჩვენ ჩვენი ინიციატივით დავტოვეთ სამდივნო. ანალოგიურად უნდა მოქცეული ახალი მენეჯმენტიც და მხედველობაში მიეღო ამომრჩევლის დაკვეთა - უნდა ჩაეტარებინა პოლიტსაბჭოს მონაწილეობითი და რეალური არჩევნები ღიად და საჯაროდ, ან მინიმუმ 40%-ის პოზიცია უნდა გაეთვალიწინებინა ამ "პოლიტსაბჭოს" შემადგენლობაში. თავმჯდომარის და გენ. მდივნის "ხუთ კაციანი კვოტა" საერთოდ ანომალიაა დემოკრატიული პროცესისთვის. სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფორმით იწყებს საქმიანობას პარტიის "ახალი" მენეჯმენტი. თან როდის - საარჩევნო პერიოდში პრეზიდენტ სააკაშვილის უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უმოქმედობას გვპირდებოდნენ და ბოლო სასამართლოს წინა დღეს ნაციონალური მოძრაობის ათიათასობით მხარდამჭერის ზურგს უკან პარტიაში პოზიციები გადაანაწილეს და და ახალი უსამართლობის კერა გააჩინეს. კითხვის ნიშნები რომ არ გაჩნდეს - ვაგრძლებთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისათვის, პოლიტიკური დევნის დასასრულებლად და ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად, რასაც პარტიული პოზიციები ჩვენთვის არასოდეს განსაზღვრავდა". - წერს მინაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის ახალი პოლიტსაბჭოს სიაში ვერ მოხვდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-10 ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად აირჩიეს. ყრილობაზე ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, ის კვლავ პეტრე ცისკარიშვილი გახდა. კობა ნაყოფია კი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან ბეჟაშვილმა შეცვალა.

მას შემდეგ რაც არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, კობა ნაყოფიამ, გიორგი პატარაიამ, აკო მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემ პარტიული თანამდებობები დატოვეს. ასევე, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა გიორგი კირთაძემ. 

 

კომენტარები