უკრაინა

ზელენსკიმ იანუკოვიჩის პერიოდის მაღალჩინოსნებს მოქალაქეობა ჩამოართვა

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელ მაღალჩინოსნებს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ხალხის მსახურის ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია ავრცელებს.

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოქალაქეობა ჩამოართვა ქვეყნის მოღალატეებს, რომლებიც იანუკოვიჩის რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი იყვნენ". - წერს არახამია Telegram-ზე.

არახამიას ინფორმაციით, მოქალაქეობა ჩამოერთვა:

  • უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელ ანდრეი კლიუევს
  • განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრ დმიტრო ტაბაჩნიკს
  • შემოსავლების ყოფილ მინისტრ ალექსანდრ კლიმენკოს
  • ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვიტალი ზახარჩენკოს
  • უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრ იამენკოს

არახამიას თქმით, მოქალაქეობა მათ გარდა კიდევ სხვა პირებმაც დაკარგეს, თუმცა "პოლიტიკური წონის სიმცირის გამო", მან სახელები არ გაასაჯაროვა. 

"შემდეგი ნაბიჯი მათთვის სანქციების დაწესება, დაკავება, ქონების სრულად ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოყენება იქნება". - წერს არახამია Telegram-ზე.

კომენტარები