საქართველო-რუსეთი

რუსი დეპუტატი: საქართველოს ფასის დადება სურს, რუსეთს კიდევ ერთხელ რომ მოსთხოვოს რამე

კონსტანტინ ზატულინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი რუსულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველო თავის დაფასებას ცდილობს და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება "ოცნებებისა და ფანტაზიების სამყაროში" რჩება.

ზატულინი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომ კიევსა და მოსკოვს შორის გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ძალების გაყვანასაც უნდა მოიაზრებდეს.

"იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა შესრულდეს, რუსეთი უნდა დამარცხდეს. დამარცხების პირობებში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა იდეების წამოჭრა, რისი მოთხოვნა შეიძლება რუსეთისგან. ამიტომ რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა განხორციელდეს". – თქვა ზატულინმა.

რუსი დეპუტატის აზრით, თბილისს უკრაინის ომთან კავშირი არ აქვს და ისე "ცდილობს ფასი დაიდოს და რუსეთისგან კიდევ ერთხელ რაღაც მოითხოვოს". მისივე თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსთვის დაბრუნება "ოცნებებისა და ფანტაზიების სამყაროში" რჩება.

ზატულინი თვლის, რომ საქართველოს საზღვართან სიტუაციის გამწვავება შესაძლებელია.

"გამწვავება შესაძლებელია, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დანებდება იმ ზეწოლას, რომელიც მათზე არსებობს". – თქვა ზატულინმა. 

1 თებერვალს, Bloomberg-თან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულებაში, უნდა ჩაიწეროს პუნქტი კრემლს აიძულებს, უარი თქვას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.

ზურაბიშვილის სიტყვებთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ეს საუბარი საქართველოს შიდაპოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებდა.

გასულ წელს, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კონსტანტინ ზატულინმა ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას "პრაგმატული" უწოდა და დადებითად შეაფასა საქართველოს მიდგომა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიმართ.

კომენტარები