რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – ჩვენ კვლავ გვემუქრებიან გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკებით

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთს კვლავ ემუქრებიან გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკებით, თუმცა, მოსკოვს პასუხი აქვს. ამის შესახებ პუტინმა ვოლგოგრადში, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – ჩვენ კვლავ გვემუქრებიან გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკებით, რომლის ბორტზეც ჯვრებია გამოსახული". - თქვა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა საპასუხოდ კვლავ ისაუბრა კონფლიქტის ესკალაციაზე, თუმცა, ამჯერად მას ატომური იარაღი არ უხსენებია.

"მუქარის საპასუხოდ რუსეთი მხოლოდ ჯავშანტექნიკას არ დასჯერდება, ეს ყველამ უნდა გაიგოს". - თქვა პუტინმა.

გარდა ამისა პუტინმა აღნიშნა, რომ "ნაციზმი თანამედროვე ფორმით, საფრთხეა რუსეთისთვის და კოლექტიური დასავლეთის აგრესიის მოგერიება აუცილებელია. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი, ვინც გერმანიას რუსეთთან ახალ დაპირისპირებაში ითრევენ და გამარჯვების იმედი აქვთ, ვერ იაზრებენ, რომ "თანამედროვე დაპირისპირება ძალიან განსხვავებული იქნება".

კომენტარები