მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ზელენსკი: მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს სააკაშვილის სიცოცხლე და სიკვდილით დასჯა აღკვეთოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს და მისი სიკვდილით დასჯა აღკვეთოს. ამის შესახებ პოსტი ზელენსკიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"ახლა უკრაინის მოქალაქესა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავენ. ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს ბრძოლა ევროპაში ადამიანის დე ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯის ასეთი მცდელობის წინააღმდეგ, სირცხვილია. სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაიხსენონ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ნორმებით გათვალისწინებული თავიანთი ვალდებულებები, ძალადობა შეწყვიტონ და მიხეილი გაათავისუფლონ. უკრაინამ პრობლემის გადაჭრის გზა შემოგთავაზათ. მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და მისი სიკვდილით დასჯა აღკვეთოს". - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 თებერვალს ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს და მისივე განცხადებით, ის თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ექსპრეზიდენტს ნელ-ნელა კლავს. ზელენსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად, საჯაროდ აწამებენ.

1 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. მან საზოგადოებას ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა. საუბრის დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა მაისური აიწია და ხალხს აჩვენა, როგორ გამოიყურება ის ფიზიკურად. ამის შემდეგ, ჩართვა შეწყდა.

კომენტარები