რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"არის ხალხი, ვინც ასაფეთქებლებს ამონტაჟებს" – ბუდანოვი რუსეთში უკრაინის ჯაშუშებზე საუბრობს

კირილ ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა The Washington Post-თან ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინას რუსეთში ჯაშუშები ჰყავს. 

"ამან მათი უსაფრთხოების ილუზიები დაამსხვრია... არის ხალხი, რომელიც ასაფეთქებლებს ამონტაჟებს. არის დრონები. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, რუსეთის შიგნით პრობლემები იქნება". – თქვა ბუდანოვმა. 

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კოლაბორაციონისტებს უნდა უფრთხოდეს.

"ამ ტერიტორიაზე (რუსეთში) ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც მუშაობა მარტივია, ხალხი, რომელსაც ესმის, რომ რუსეთი სხვანაირი უნდა იყოს. ჩვენ მსგავს ხალხს მხარს ვუჭერთ". – აღნიშნა ბუდანოვმა. 

ბუდანოვის თქმით, მისი მკვლელობა 2016 წლის შემდეგ ათჯერ სცადეს. 2016-ში ყირიმში, სავარაუდოდ უკრაინელმა დივერსანტებმა, მოკლეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი. ვარაუდობენ, რომ ამ მოქმედებებში ჩართული იყო თავად ბუდანოვიც, რომელიც შემდეგში სიმამაცის ორდენით დააჯილდოვეს, გრიფით საიდუმლო ოპერაციის შესრულებისთვის. 2020 წელს ბუდანოვი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კომენტარები