"შურისძიება არ არის სათანადო პასუხი" – აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა

RONALDO SCHEMIDT

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შესახვედრად ოფიციალური ვიზიტით იერუსალიმში ჩავიდა და ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შემდეგ ისრაელსა და პალესტინას სიმშვიდისკენ მოუწოდა

"ყველას პასუხისმგებლობაა დაძაბულობის განსამუხტად და არა მის კიდევ უფრო გასაღვივებლად გადაიდგას ნაბიჯები. პარასკევს მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. ჩვენ ამგვარ ქმედებას მკაცრად ვგმობთ და  მასთან ერთად ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერი სახის გამოვლინებას, რომლის მიზანიც მსხვერპლის ვინაობისგან დამოუკიდებლად, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსპობაა. შურისძიება არ არის სათანადო პასუხი. ამას კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეწირება მსხვერპლად". - უთხრა თელ-ავივში ჩასვლის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებს. 

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს 31 იანვარს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი. 


28 იანვარს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იერუსალიმის გარეუბანში სინაგოგაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. 

ისრაელის პოლიციამ აღნიშნული შემთხვევა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. 

შეიარაღებულმა პირმა, რომელიც მომლოცველებს მანქანაში ელოდებოდა, ლოცვის დასრულების შემდეგ სინაგოგიდან გამოსულებს ცეცხლი გაუხსნა.

თავდასხმას წინ უძღოდა პალესტინელთა მხრიდან აშკელონისა და სამხრეთ ისრაელის სხვა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ იერიშის საპასუხოდ, ისრაელის არმიის მიერ 27 იანვარს ღაზის სექტორზე სარაკეტო დარტყმა. 

კომენტარები