ენმ

მელია: არჩევნები შედგა, ხაბეიშვილს ვუსურვებ, პარტია ღირსებითა და სიმართლით ემართოს

დასრულდა არჩევნები პარტია ენმ-ში, პარტიაში, რომელსაც აქვს გამოცდილება ქვეყნის მართვის, ამავე დროს, აქვს გამოცდილება ხელისუფლების გადაბარების, რაც მთავარია, მშვიდობიანად გადაბარებისა. ეს ტრადიცია პარტიამ შექმნა. ბუნებრივია, მე მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია, ვინმეს ან გამარჯვებული უწოდო, ან დამარცხებული, გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ და სწორედ ამ ფაქტორებს ვგულისხმობ. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება, რომ რთულია, ვინმეს ან დამარცხებული ან გამარჯვებული ვუწოდოთ. მე დარწმუნებული  ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი და, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება. 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული. მე მას ვულოცავ ამ შედეგს, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ მას ძალიან მნიშვნელოვანს ჩემთვის, რასთან დაკავშირებითაც მე და ათასობით ადამიანი უკანასკნელი თვეების განმავლობაში საჯაროდ ვსაუბრობდით - ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მე მინდა ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა - მან ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი 40%. 

კომენტარები