საქართველო-ჩინეთი

სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები განახლდა

პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნდა. ჩინურმა ავიაკომპანიამ ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. 

ამასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ხელმძღვანელობა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

China Southern Airlines-ი ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ერთხელ, პარასკევობით იფრენს, ზაფხულის სეზონზე კი - მოთხოვნის შესაბამისად, სიხშირეების გაზრდას გეგმავს. 


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მგზავრებს მოუწოდებს, შორ მანძილზე ფრენებისას პირბადე კვლავ გამოიყენონ. მიზეზად COVID-19-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხეა. ამასთან, ევროკავშირის ინტეგრირებული პოლიტიკური კრიზისზე რეაგირების ჯგუფი (IPCR) ჩინეთიდან ჩასული მგზავრების შემთხვევითი ტესტირებისა და ნიღბების საჭიროებაზე საუბრობს. ათზე მეტი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისგან კოვიდტესტირებას ითხოვს.

საქართველოს მთავრობას ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის რაიმე ტიპის რეგულაცია არ დაუწესებია. კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება, საქართველომ გააძლიეროს კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე - მაგალითად, მოითხოვოს COVID-ზე ტესტის შედეგის წარდგენა.

კომენტარები