ჩინეთი: კოვიდაფეთქების პერიოდში მოსახლეობის 80% დაინფიცირდა

სოციალურ მედია Weibo-ზე ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ვუ ზენიუმ დაწერა, რომ მომდევნო ორი ან სამი თვის განმავლობაში COVID-19-ით გამოწვეული ზიანი ბოლომდე ვერ აღდგება, რადგან ბოლო ორ თვეში  მოსახლეობის 80% დაინფიცირდა. 

მისივე თქმით, ჩინური ახალი წლის პერიოდში ადამიანების მასობრივმა მოძრაობამ, შესაძლოა, ზოგიერთ რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს, მაგრამ უახლოს მომავალში COVID-19-ის მეორე ტალღა ნაკლებად სავარაუდოა.

ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენლის თქმით, ჩინეთმა კოვიდაფეთქების პიკი გადალახა. სამთავრობო მონაცემებით, 12 იანვრის მდგომარეობით, კოვიდშეზღუდვების მოხსნიდან, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, საავადმყოფოებში COVID-19-ით დაავადებული თითქმის 60,000 ადამიანი გარდაიცვალა.

დეკემბრის დასაწყისში  ჩინეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მას შემდეგ, რაც ჩინეთში კოვიდშეზღუდვები შეამსუბუქეს, ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. არსებობს ეჭვი, რომ ოფიციალური რიცხვი დაავადებულების სრულ რაოდენობას არ ასახავს.

ჩინეთის ინფორმაციით, პანდემიისას COVID-თან დაკავშირებული მხოლოდ 5 237 სიკვდილი დაფიქსირდა - მონაცემში გათვალისწინებულია 19 დეკემბერს დაღუპული 2 პირიც, რაც 1.4 მილიარდი მოსახლეობის მცირე ნაწილია და არ შეესაბამება სხვა ქვეყნებში პანდემიისას დაღუპულთა პროცენტულ წილს. 

ევროპასა და ამერიკაში რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, საქართველო ჩინეთთან ფრენების შეზღუდვებს მოხსნის.   

კომენტარები