მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ბრიტანელი ექიმი: თუ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება, მისი მდგომარეობა მეტად დამძიმდება

მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასჯელის გადავადების ან მისგან სრულად გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრიტანელ ფსიქიატრს, კორნელიუს კატონას კითხავენ.

ბრიტანელი ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და კოგნიტური დარღვევები აქვს, რისი შედეგიც, მისივე თქმით, იყო დემენცია. ფსიქიატრი აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის ფსიქოლოგიური მკურნალობა ეფექტური ვერ იქნება იმ გარემოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

"მის ფსიქოლოგიურ მკურნალობას ეფექტურობა ვერ ექნება, თუ სააკაშვილი იმ გარემოში იქნება, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და პირიქით, საშიშროების არსებობას გრძნობს. სააკაშვილს აქვს დემენცია და ეს დებულება ასევე სრულ თანხმობაშია ექიმ გოლდსმიტის დასკვნებთან. მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტით განსაზღვრულია, რომ პირები, რომელთაც დემენეცია აქვთ, ციხეში არ უნდა იყვნენ. სააკაშვილის პატიმრობა ხელის შემშლელი ფაქტორია, რომ მისი პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დემენცია ადეკვატურად ნამკურნალები იყოს. მე ექიმ ლაჰანსა და ექიმ გოლდსმიტს ვეთანხმები, რომ მისი მკურნალობა ისეთ სამედიცინო დაწესებულებასა და ისეთ ქვეყანაში უნდა მოხდეს, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს". - ამბობს კატონა.

ექიმმა სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურ მკურნალობას ვერ იღებს.

"მიხეილ სააკაშვილი ფსიქოთერაპიული პროფილის გარკვეულ წამლებს იღებდა, თუმცა, რაც შეეხებოდა სტრესის მოხსნას, შიშებსა და იმის განცდას, რომ ის საშიშროების ქვეშ არის, ამის საწინააღმდეგოდ მისთვის არ უმკურნალიათ, რაც მის პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას ინარჩუნებდა. ანუ, ეს დაავადება რჩებოდა იმიტომ, რომ ის ადეკვატურ მკურნალობას ვერ იღებდა. ვადასტურებ, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა შენარჩუნებულია მისი პატიმრობით ისეთ გარემოში, სადაც სააკაშვილი თავს დაუცველად და მუდმივი საფრთხის ქვეშ გრძნობს. მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება ადეკვატური არც იყო და არც ახლაა". - ამბობს ექიმი.

ბრიტანელი ფსიქიატრი ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

"თუ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება, ვფიქრობ, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და მისი დეპრესიული სიმპტომები, რომლებიც ამასთან დაკავშირებით მას გააჩნია, დამძიმდება. სააკაშვილს აქვს საკმაოდ მძიმე კოგნიტური დარღვევები, რომელთა ზუსტი მიზეზების დადგენა რთულია და თუ მიზეზი არ იქნება აღმოჩენილი და მას შესაბამისი მკურნალობა არ დაენიშნება, მაშინ კოგნიტური დარღვევების სიმძიმე გაღრმავდება". - თქვა კორნელიუს კატონამ.

ბრიტანელი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მძიმე და ქრონიკული ავადმყოფია. კატონა აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომაეობის გამო მისი პატიმრობაში ყოფნა იქნება ბარიერი, რომ მან სასჯელი მოიხადოს.

კომენტარები