ლაგუნა ვერე

ლაგუნა ვერეს დარაჯი: TV პირველზე გასული სიუჟეტის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს

ლაგუნა ვერეს დარაჯის, ზაზა მელაძის თქმით, ის სამსახურიდან TV პირველისთვის მიცემული ინტერვიუს გამო გაათავისუფლეს. მელაძემ არხის ჟურნალისტს ლაგუნა ვერეს შიდა ტერიტორია დაათვალიერებინა და იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ესაუბრა.

"[TV პირველზე გასული] სიუჟეტის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს. თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, თავისუფალი ხარო. მორიგეობა ხვალ მიწევს და ვერ გავდივარ. ისეთი გულის შეტევა მაქვს, გუშინ ღამე ძლივს გავათენე. ახლაც თქვენ რომ დამირეკეთ, წნევას ვიზომავდი და 200 მაქვს, წუხელ 220 მქონდა, ძალიან ცუდად ვარ. პენსია მქონდა და ეგ [სამსახური] 300 ლარი და ჩემი შემოსავალი ეს იყო. 40 წელი ვიმუშავე და ასე უბედურად გამომაგდეს. ახლა ალბათ კიდევ უფრო უარესს მიზამენ. ბავშვებს არ დაერიონ, თორემ სხვას არ ვჩივი. თუ არ გავჩერდები, ალბათ უარესსაც მიზამენ". - თქვა ზაზა მელაძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

სიუჟეტი TV პირველზე, ნოდარ მელაძის შაბათში 21 იანვარს გავიდასიუჟეტი ლაგუნა ვერესთან მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას ეხებოდა, რომელსაც ფონდი ქართუ გეგმავს. დარაჯმა ჟურნალისტს უთხრა, რომ შენობაში წყალი სულ ჩამოდის. ზაზა მელაძემ ასევე განაცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე სპეციალური მილები ამოყარეს, დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს. დარაჯმა აღნიშნა, რომ ტერიტორიიდან ჯართში ჩააბარეს რკინებიც, რომელიც რამდენიმე ტონა  იყო.

ლაგუნა ვერეს მფლობელი ფონდი ქართუა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებითლაგუნა ვერე საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს და ინფრასტრუქტურა სრულად აღდგება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ობიექტთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ქართუს და ლაგუნა ვერესთან დაგეგმილ მშენებლობას "ძალიან მაგარი პროექტი" უწოდა.


ლაგუნა ვერესთან ფონდი ქართუ 65-სართულიანი, ორკოშკიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს. პროექტი მუნიციპალური განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაშია ატვირთული. მასზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. დამკვეთი კომპანია კოსტავას 69-ია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი - ფონდი ქართუ.

კომენტარები