ლაგუნა ვერე

ლაგუნა ვერე და აბრეშუმის ქარხანა მაკა ასათიანის შვილის საკუთრებაში გადავა – აბესაძე

იურისტის და ყოფილი დეპუტატის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ლაგუნა ვერეს და აბრეშუმის ქარხნის ახალი მფლობელი კახი ჟორდანია იქნება.

"გმირთა მოედანზე ივანიშვილის ყოფილი საკუთრება, აბრეშუმის ფაბრიკა და საცურაო აუზი ლაგუნა ვერე, მაკა ასათიანის შვილის, კახი ჟორდანიას საკუთრებაში გადავა.

ივანიშვილმა ეს პროექტი ჯერ კიდევ 2023 წელს გაყიდა, თუმცა აქ მასშტაბური მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის მერიისგან მიღების ვალდებულება თავად აიღო თავის თავზე (უცნაური ნაწილი იყო გარიგების) და მისმა კომპანიებმა შეათანხმეს კიდეც "ინვესტორის" მაგივრად აქ 153,949 კვ.მ საერთო ფართობის 40 და 52-სართულიანი კოშკების პროექტი.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის დაანონსების შემდეგ (ეს ჯერ კიდევ აუშენებელი ქარხანა უკვე გაეხვა სკანდალებში) ეს უკვე მეორე მსხვილი დეველოპერული პროექტია, რომელშიც ინვესტორად კახი ჟორდანია ჩნდება. ერთი წლის წინ მან ასევე შეიძინა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მშენებარე სასტუმრო (სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა), სადაც სახელმწიფომ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ანუ სასტუმროს დასრულების ვადა 2027 წლამდე გაუხანგრძლივა" - წერს აბესაძე.

2023 წელს გახდა ცნობილი, რომ ფონდმა ქართუმ ლაგუნა ვერე შპს ნეო სითი დეველოპმენტს მიყიდა. ამონაწერში აღნიშნული იყო, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის მქონე ტერიტორია შპს ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა. შესაბამისი განაცხადის რეგისტაცია კი 7 აგვისტოს დაფიქსირდა.

ლაგუნა ვერესთან ფონდი ქართუ 65-სართულიანი, ორკოშკიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავდა. 2023 წლის იანვარში პროექტი მუნიციპალური განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აიტვირთა. იმჟამინდელი მონაცემებით, პროექტის დამკვეთი კომპანია კოსტავას 69 იყო, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი - ფონდი ქართუ.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძე აცხადებდა, რომ ლაგუნა ვერე საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადაეცემოდა და ინფრასტრუქტურა სრულად აღდგებოდა. ამავდროულად, კალაძე მადლობას უხდიდა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ქართუს და ლაგუნა ვერესთან დაგეგმილ მშენებლობას "ძალიან მაგარი პროექტს" უწოდებდა.

2023 წლის 28 დეკემბერს თბილისის საკრებულოს სხდომაზე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმა დამტკიცდა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე ორი - 52 და 40-სართულიანი ცათამბჯენი აშენდება. 

კომენტარები