საქართველო-უკრაინა

"ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას" - 24 თებერვალს რუსთაველზე აქცია გაიმართება

24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ განცხადება 3 პარტიის: დროას, გირჩი-მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გააკეთეს. მოძრაობა თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის ლიდერის, აკია ბარბაქაძის თქმით, იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც საქართველოს დეოკუპაციით დასრულდება.

"დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ვიწყებთ, რაც საქართველოს დეოკუპაციით დასრულდება. მოხდება საქართველოს გათავისუფლება კოლაბორაციონიზმისგან და მიტაცებული ხელისუფლება ხალხს დაუბრუნდება. ერთად ვდგავართ და ბოლომდე ვიბროლებთ. ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით. ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით. ის იქნება მზარდი და ჩვენ კოლაბორაციონისტებს უკან დახევას ვაიძულებთ. მათ ვაიძულებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების სახელით რუსული ინტერესების გატარება შეწყვიტონ და ამაზე უარი თქვან. ჩვენ ვიქნებით ხალხთან, მათი ინტერესების დასაცავად - საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის სადარაჯოზე". - თქვა აკია ბარბაქაძემ.

განცხადება გააკეთა პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამაც. მისი თქმით, 24 თებერვალს ქართველმა ხალხმა აქციაზე კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, რომ კრიტიკულ მომენტში ერთად დგომა შეუძლია.

"ჩვენ დღეს აქ განსხვავებული პროფესიების, სხვადასხვა ადამიანები, პარტიები და არაპარტიები შევიკრიბეთ, რომელთაც ერთი რამ გვაერთიანებს - გვაერთიანებს საქართველოს ღირსების, ევროპული პერსპექტივის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების საკითხი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ 24 თებერვალი, როცა რუსული იმპერია კიდევ ერთხელ თავს დაესხა დამოუკიდებელ და თავისუფლების მოყვარე ქვეყანას, უკრაინას, ეს არის წყალგამყოფი. ეს წყალგამყოფია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, სადაც იყოფა ცივილიზებული მომავლის ქვეყნები და ადამიანები და წარსულისა და ბოროტების რუსეთი, რომელსაც პერსპექტივა აღარ აქვს. ამ წყალგამყოფში საქართველოს თავისი სიტყვა აქვს სათქმელი. ჩვენ ვთქვით, რომ ამ ქვეყნის სრული უმრავლესობა უკრაინელების, ევროპული მომავლის, ღირსებისა და მორალის გვერდით დგას. 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ ჩვენი კამათების, შეცდომებისა და განსხვავებების მიუხედავად, კრიტიკულ მომენტში ერთად ვდგებით და ვამბობთ - საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი აქვს და ჩვენი ქვეყანა წარსულში არ წავა". - თქვა ელენე ხოშტარიამ.

24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ომის დაწყებიდან 1 წელი შესრულდება.

"დიდ სინერგიას ვნახულობთ ერთმანეთში" - სამი ოპოზიციური პარტია კოორდინაციაზე შეთანხმდა

კომენტარები