საქართველო-რუსეთი

გავრილოვი: საქართველოსთან პირდაპირ ფრენებთან ერთად დიპლომატიური ურთიერთობაც უნდა აღდგეს

კომუნისტი რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი გამოეხმაურა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის ინიციატივას. რუსი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მხოლოდ პირდაპირი ფრენების აღდგენა საკმარისი არ არის და აუცილებელია საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც.

"საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით უკრაინის საკითხისა და რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული სანქციების ომის მიმართ, აუცილებელია არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის, არამედ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრული აღდგენა. საელჩოსა და საკონსულო მომსახურების არსებობა ხელს შეუწყობს კავშირებისა და საქართველოში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის დახმარების შესაძლებლობების ზრდას". – ამბობს გავრილოვი. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსული დიპლომატიის 2022 წლის შეჯამებისადმი განკუთვნილ პრესკონფერენციაზე გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.

"მოხარული ვარ, რომ ხალხთა შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად, რუსეთის ფედერაციასთან ტურიზმისა და სავაჭრო ურთიერთობების წყალობით. ვიმედოვნებ, მალე შევძლებთ პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას". – თქვა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურნენ ქართული ოცნების წევრებიც და აღნიშნეს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა მისასალმებელია. 

"თქვენ გახსოვთ, რომ 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ჩვენი თანამოქალაქე - ქართველი, ეთნიკურად ქართველი, ეთნიკურად აზერბაიჯანლები, ეთნიკურად სომხები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, ამან ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება". – თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ასევე გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც "რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებაში ცუდს ვერაფერს ხედავს".

კომენტარები