საქართველო-უკრაინა

უკრაინის საგარეო კობახიძეზე: პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება მეგობრობის სულისკვეთებას

ირაკლი კობახიძე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ტელეკომპანია იმედის ეთერში აღნიშნა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. 

როგორც უკრაინის საგარეოს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო FACEBOOK-ზე წერს, არსებული ვითარების ფონზე, მსგავსი განცხადებები მიუღებელია. 

ნიკოლენკო აღნიშნავს, რომ კობახიძეს განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საქართველოს მთავრობის მისამართით ქება უძღოდა წინ. უკრაინელი მაღალჩინოსანი წერს, რომ "მოსკოვი და თბილისი რუსეთის დაუსჯელობის ფონზე ერთმანეთში რევერანსებს ცვლიან".

"ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ ასეთი პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირში წევრობისკენ.

უკრაინა - როგორც ხელისუფლების, ისე ხალხის დონეზე - ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, განსაკუთრებით მისი ისტორიის ურთულეს დღეებში. უკრაინასთან ქმედითი სოლიდარობის არარსებობა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან რუსეთის მცდელობის ფონზე, გაანადგუროს უკრაინელები გენოციდურ ომში, პოლიტიკური სიმუხთლეა. 

ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან რუსეთის აგრესიასა და უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციაში, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებშიც შედის".- აღნიშნავს ნიკოლენკო. 

 

კომენტარები