დიდი ბრიტანეთი

GUARDIAN: სისხლის დაბინძურების გახმაურებულ საქმეზე გამოძიება დასასრულს უახლოვდება

Graeme Robertson/The Guardian

Guardian-ის ცნობით, გახმაურებულ საქმეზე, რომელიც 1970-1980-იან წლებში, დიდ ბრიტანეთში დაბინძურებული სისხლის მარაგის გამოყენებას ეხება, გამოძიება დასასრულს უახლოვდება. მას შემდეგ, რაც ათასობით დაინფიცირებული და დაზარალებული კომპენსაციის გარეშე დარჩა, მათი ადვოკატები მტკიცებულებების პროკურატურისთვის გადაცემას მოითხოვენ. 

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის (NHS) გარშემო ყველაზე დიდმა სკანდალმა 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით დაინფიცირდა. 

1970-1980-იან წლებში სისხლის შედედების პრობლემის წინააღმდეგ ახალი მკურნალობის საშუალება აღმოაჩინეს, რისთვისაც ფაქტორ VIII-ს იყენებდნენ. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბრიტანეთმა სისხლის მარაგი აშშ-დან იმპორტის საშუალებით შეავსო, რომლის მონიტორინგიც არ მომხდარა. დონორების უმეტესობა პატიმრები და ნარკოტიკების მომხმარებლები იყვნენ, რომლებმაც სისხლი თანხის სანაცვლოდ გაიღეს. ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ ხდებოდა აივ ინფექციათა დიაგნოსტირება და არც ჰეპატიტის შესახებ ფლობდნენ საკმარის ინფორმაციას. დაბინძურებული სისხლის გამოყენების შედეგად ინფიცირებულთა რიცხვმა 30000-ს მიაღწია. 

გამოძიებას წარუდგინეს სამხილი, რომ მთავრობა და უფროსი ექიმები აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში ჯერ კიდევ მანამდე იყვნენ, სანამ მის მოსაგვარებლად შესაბამის ზომებს მიიღებდნენ. თუმცა არც ერთი კონკრეტული პირისთვის სასამართლოს ბრალი არ წარუდგენია. 

"თუ სისხლის სამართლის წინაშე კონკრეტულ პირებს პასუხი არ მოეთხოვებათ, ჩემთვის სამართალი არ იზეიმებს. მომხდარზე ვინმემ უნდა აგოს პასუხი. სხვაგვარად ისინი ღამით მშვიდად ძილს გააგრძელებენ, მაშინ როცა ჩვენ უკვე 30 წელია ნორმალურად ძილი არ გვღირსებია". - ამბობს Guardian-თან ინტერვიუში ერთ-ერთი დაზარალებული. 

ადვოკატი, რომელიც 1037 ინფიცირებულისა და დაზარალებულის მხარეს წარმოადგენს, გამოძიებისგან ყველა შესაბამისი მტკიცებულების პროკურატურისთვის გადაცემას მოითხოვს, რათა კონკრეტულ პირებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობა გამოძიების დასრულებამდე აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. 

კომენტარები